გაჯეტებით გადაღლილობა

სანამ ძირითად სათქმელზე გადავალთ, მოდი, გასული კვირის სიახლეებს გადავავლოთ თვალი. ეს არასრული სიაა იმ საგიჟეთისა, რომლის წაკითხვასაც ტექნოლოგიური გამოცემები და ბლოგები სთავაზობენ თავის მკითხველებს:

▪ ბრიტანეთში Samsung Galaxy M Pro-ს შეძენა უკვე შესაძლებელია.

▪ Sony Ericsson Xperia Arc HD-ის სურათები ინტერნეტში გავრცელდა.

▪ პორტატიული DVD-პლეერი CVIB-E194 უკვე გაყიდვაშია.

▪ Huawei U8860 Honor-ი ოპერაციულ სისტემა Android 4.0-ზე გადადის.

▪ Nook Tablet-ის გაყიდვებმა 1 მილიონს მიაღწია.

▪ Nokia Lumia 900-ის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ხელმისაწვდომია.

▪ კომპანია Fujitsu ახალ პლანშეტს, Stylistic Q550-ს უშვებს.

▪ თეთრი Samsung Galaxy S II HD LTE კორეაში უკვე იყიდება.

ბოლო დროს ტექნოლოგიურ ბლოგებზე ერთ რიტორიკულ შეკითხვაზე ცდილობენ პასუხის გაცემას. შეკითხვა ამგვარია: ნუთუ, გადავიღალეთ გაჯეტებით? რა უცნაურიც უნდა იყოს, ტექნომანები გაჯეტებით გადაღლილობაზე საუბრობენ, კერძოდ კი იმაზე, რომ დროის დინებასთან ერთად უფრო მეტი ჰაიტეკ-სიახლე ჩნდება, ვიდრე მომხმარებლები მათ აღქმას ასწრებენ. უახლესი, გაპიარებული ნივთის ქონა-პყრობის სურვილი მანიაში გადადის და, მაგალითისთვის, ჯერ iPad 2-ს კარგად არ შევჩვეულვართ, რომ სამ-ოთხ თვეში iPad 3-ის გამოშვებას გვპირდებიან. სმარტფონის შესაძლებლობები ჯერაც ბოლომდე არ გვაქვს შესწავლილი, რომ მის გაუმჯობესებულ მოდელს გვიანონსებენ. კომპანიებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება რიგით მომხმარებლებზე უშუალოდ აისახება. ეს ახალი ტიპის სენს, გაჯეტებით გადაღლილობას ბადებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, დიდი რაოდენობის ზედმეტი ინფორმაციითაა გამოწვეული.

ტექნომანები დიდ კომპანიებს ინოვაციების ბუნებრივი ციკლის ხელოვნურ აჩქარებაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, შეუძლებელია ექვს თვეში ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, რაც ბაზარზე არსებული პროდუქტის ჩანაცვლების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის საპასუხოდ დიდი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინოვაციების ტემპი იმდენად მაღალია, რომ მომხმარებლები ვერ ასწრებენ მათ მიღებას და სათანადოდ შეფასებას. სურათი უფრო კონკრეტულად რომ აღვწეროთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ამ პრობლემას ორი ბოლო აქვს. ერთ მხარეს მომხმარებელთა ინტერესებია, მეორეზე – კი მწარმოებლების. მეორეებს რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა უნდათ, პირველებს კი – რაც შეიძლება ნაკლების გადახდა და ხარისხიანი და გაპიარებული ნივთის შეძენა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ კომპანიები ახალ პროდუქტს არ გამოუშვებენ, გაკოტრდებიან, მომხმარებლები კი უკვე შეჩვეულ და საყვარელ ნივთს ვერ ელევიან. სწორად ამის შედეგია გაჯეტების წარმოების სწრაფი და ჭარბინფორმაციანი ციკლი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დამთრგუნველად მოქმედებს მომხმარებელთა უმრავლესობაზე.

ერთი საინტერესო დაკვირვების თანახმად, გაჯეტების ასეთი სისწრაფის პირდაპირი შედეგი ის ფანატიზმია, რომელიც მომხმარებელთა ნაწილში შეინიშნება. სწორად ფანატიზმი და საყვარელი კომპანიის პროდუქტების უპირატესობის ურყევი რწმენა არის იარაღი, რომელსაც მრავალი ტექნომანი გაჯეტების დიდ რაოდენობასთან გასამკლავებლად იყენებს. ასე მაგალითად, მათ არ აინტერესებთ თუ რა სმარტფონებს და რა პლანშეტებს უშვებენ Samsung-ი, Nokia, Fujitsu და სხვები, ისინი iPhone 5-ს და iPad 3-ს ელოდებიან. მათ სწამთ, რომ საყვარელი კომპანიის პროდუქტი ნებისმიერ სხვას სჯობს. მრავალფეროვნების მოყვარული მომხმარებლები კი, რომელთაც ფანატიზმი არ ახასიათებთ და ვერ გაუგიათ, რომელი გაჯეტის მფლობელები გახდნენ, გაჯეტებით გადაღლილობას უჩივიან... ეს ყველაფერი კი კიდევ ერთ რიტორიკულ შეკითხვას ბადებს: ნუთუ ფანატიზმი სჯობს მრავალფეროვნების სიყვარულს?!

კომენტარები