რუსეთის ეკლესია

მოსკოვის ეპარქიის სასამართლომ სასულიერო ხარისხიდან განკვეთა დიაკონი ანდრეი კურაევი

ანდრეი კურაევი
ანდრეი კურაევი

მოსკოვის საეპარქიო სასამართლომ ცნობილი რუსი მისიონერი და ღვთისმეტყველი, რომელიც ბოლო წლებში მოსკოვის საპატრიარქოს მთავარ კრიტიკოსად იქცა, სასულიერო ხარისხიდან განკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა

გადაწყვეტილება ძალაში მას მერე შევა, რაც მას პატრიარქი კირილი მოაწერს ხელს. იქამდე, კურაევს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გაასაჩივროს. 

დიაკონ ანდრეი კურაევს მღვდელმსახურება ჰქონდა შეჩერებული. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური ვერსიით, მან შეურაცხყოფა მიაყენა კორონავირუსით გარდაცვლილ მღვდელმთავარს. ასევე, პატრიარქი კირილი მოიხმობდა მრავალრიცხოვან "საჩივრის წერილებს" რომელიც მის სახელზე, კურაევთან დაკავშირებით შედიოდა.

"სასამართლომ ამოიცნო პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის განცხადებებში ეკლესიის გმობა". - წერია განცხადებაში.

ეპარქიის განცხადებით, სანქცირების მიუხედავად, პროტოდიაკონმა კურაევმა ქცევა არ შეცვალა და სასამართლოზე არ გამოცხადდა.

"პროტოდიაკონი სამჯერ გამოიძახეს საეკლესიო სასამართლოზე. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მისი უარი გამოცხადებაზე ჩაითვალა მისაღებად". – წერია განცხადებაში.

მეოთხე გამოძახებაზე, რომელიც 29 დეკემბერს იგეგმებოდა, 25 დეკემბერს ანდრეი კურაევმა სასამართლოს ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერა:

"დაბეჯითებით გთხოვთ, გადაიტანოთ სხდომა იანვარში, რადგან წინასაახალწლო დღეებში მოსკოვში საცობებია, მეტროთი გადაადგილება კი საშიშია პანდემიის გამო".

ანდრეი კურაევი რუსი საეკლესიო მწერალი, პუბლიცისტი, მისიონერი და ღვთისმეტყველია. მას მერე, რაც საკუთარ ბლოგზე მან მოსკოვის საპატრიარქოში "გეი ლობიზე" წერილების გამოქვეყნება დაიწყო, ის მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორობიდან გადააყენეს, შემდეგ მღვდელმოქმედება შეუჩერეს, ახლა კი ეპარქიამ სასულიერო ხარისხიდან განკვეთა. 

დიაკონი ანდრეი კურაევი აქტიურად საუბრობდა მოქმედი პატრიარქის მენტორის, აწ გარდაცვლილი მღვდელმთავრის, ნიკოდიმ როტოვის ჰომოსექსუალობის შესახებაც, რაც, მისი თქმით, პატრიარქი კირილის რისხვის რეალური მიზეზი გახდა.

სასამართლოს პასუხად, ანდრეი კურაევმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის აღწერს, რომ სასამართლოზე არგამოცხადების მიზეზი, ბრალდების შინაარსისა და მასალების არგადმოცემა იყო. 

 

კომენტარები