არჩევნები 2020

მეგრელიშვილი: პროცესის ლიდერი იყო ბოკერია, უგულავა, ევროპული საქართველო, სხვები უყურებდნენ

ON.GE

"პროცესის ლიდერი იყო გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და მთელი ამ ევროპული საქართველოს წევრები" - განაცხადა გირჩის ლიდერმა ვახტან მეგრელიშვილმა ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებზე საუბრისას, TV პირველის ეთერში.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "ანუ ქურდად ისხდნენ?", მეგრელიშვილი პასუხობს: "ცდილობდნენ ქურდად ჯდომას".

მისივე თქმით, "სხვები უყურებდნენ, ხმას არ იღებდნენ".

"თუ ჩვენ ხმას ამოვიღებდით, ხალხო, რატომ იქცევით ასე, მოვიდოდა კამათი, ეს იყო ფაქტი, რახან აქამდე მივიდა, რომ განგრენას გეძახიან, ან განგრენა უნდა მოიცილო, ან ვიღაცამ უნდა დაამტკიცოს, რომ განგრენა შეიძლება, სხვა რამე იყოს, აღმოვაჩინოთ მოდი განგრენა, გავერკვეთ სიტუაციაში, სანამ თქვენ დასდევთ ადამიანებს კითხვით, შედიან თუ არა პარლამენტში, მანამდე ვერ იპოვით" - მიმართა მეგრელიშვილმა ინგა გრიგოლიას.

ორად ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ამ დრომდე არ უთქვამს საპარლამენტო მანდატებზე უარი, ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავს. გირჩისა და მოქალაქეების ლიდერები ამტკიცებენ, რომ ევროპული საქართველო დანარჩენ ოპოზიციას აშანტაჟებს და სწორედ ამ შანტაჟის გამო ვერ შედიან ისინი პარლამენტში. 

ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ თავიანთი ინიციატივა 14 იანვარს გაასაჯაროეს, რის მიხედვითაც – "თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართულ ოცნებაზე ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა". 

ამ შეთავაზებას სხვა ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ და ხელისუფლებისგან კვლავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ დროისათვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

კომენტარები