ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ 31 იანვრიდან ჩინეთი აღარ ცნობს ბრიტანეთის ეროვნულ ზღვისიქითა პასპორტებს, როგორც ვალიდურ სამგზავრო დოკუმენტებსა და პირადობის მოწმობებს - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
ივნისში ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, დააანონსა, რომ, თუ ჩინეთი ჰონგ-კონგში ახალ უშიშროების კანონს აამოქმედებს, ბრიტანეთი ემიგრაციის წესებს შეცვლის. ჰონგ-კონგის უშიშროების კანონის ამოქმედების შემდეგ ბრიტანეთმა ჰონგ-კონგელებისთვის საიმიგრაციო უფლებები გააფართოვა. კანონის ამოქმედების დღეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანული პასპორტის მქონე პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგში ცხოვრობენ, შეეძლებათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობაზე შეიტანონ განაცხადი.
დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგელებისთვის ბრიტანეთის ეროვნულ ზღვისიქითა პასპორტების აღებისთვის აპლიკაციის გახსნას 31 იანვარს აპირებს, რითაც მათ, ვისაც ბრიტანეთის ეროვნული ზღვისიქითა BN(O) სტატუსი აქვს, უფლებას აძლევს, ბრიტანეთში ისწავლოს და იმუშაოს 5 წლით, შემდეგ კი ბრიტანეთის მოქალაქეობაზე შეიტანოს განაცხადი.
"მე უზომოდ ამაყი ვარ, რომ ჰონგ-კონგის BN(O)-ს მფლობელებისთვის ახალი მარშრუტი გვაქვს, რათა იცხოვრონ, იმუშაონ და ჩვენს ქვეყანაში სახლი ჰქონდეთ" - განაცხადა ჯონსონმა ახალ სქემაზე.
ჩინეთმა თქვა, რომ ეს საერთაშორისო კანონების დარღვევა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაა.
ვიზის ღირებულება 250 ფუნტია და ბრიტანეთი მთავრობა ვარაუდობდა, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში 300 000 ადამიანი აიღებდა მას. ბრიტანეთის მთავრობის პროგნოზით, სავარაუდოდ, 5,2 მილიონ ადამიანს შეეძლება ასეთი პასპორტის აღება, რაც ჰონგ-კონგის მოსახლეობის 2/3-ზე მეტია.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.