ილონ მასკი მხარს უჭერს ბიტკოინს და ფიქრობს, რომ მას ფინანსურ სექტორში ფართოდ მიიღებენ

ილონ მასკი
ფოტო: somagnews.com

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს, კერძოდ, ბიტკოინს [BTC]

“მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი ძალიან ახლოსაა ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ფართოდ აღიარებასთან“. – ამბობს მასკი, Clubhouse-ის ეთერში.

“ცხადია, წვეულებაზე დამაგვიანდა, რვა წლის წინაც უნდა შემეძინა ბიტკოინი, თუმცა ის ახლაც კარგ ინვესტიციად მიმაჩნია“. – თქვა მასკმა.

მასკის თქმით, მისი საახლობლო წრე წლების განმავლობაში ცდილობდა მისი კრიპტოვალუტებით დაინტერესებას, თუმცა ის აქამდე სათანადო ყურადღებას არ უთმობდა ამ სფეროს, რასაც ახლა ნანობს.

რამდენიმე დღის წინ, Twitter-ის ბიოგრაფიაში მასკმა #bitcoin დაიწერა, რის გამოც, კრიპტოვალუტის ფასი ცოტა ხნით 20%-ით გაიზარდა.

ბიტკოინის ფასი ერთი წლის განმავლობაში გაოთხმაგდა. 2021 წლის დასაწყისში კი ახალ რეკორდულ ნიშნულს, 42,000$-ს მიაღწია. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასის ასეთი ტემპით ზრდა გამოწვეულია ფინანსური ინსტიტუტებისა და მსხვილი ინვესტორების კრიპტოვალუტით დაინტერესებით.

JPMorgan Chase & Co.-ს გრძელ ვადიანი ვარაუდით, ბიტკონმა, შესაძლოა, ციფრული ოქროს დანიშნულება შეითვისოს და მისმა ფასმა 146,000 დოლარს მიაღწიოს.

კომენტარები