მერლინ მენსონი

მენსონის ყოფილი ცოლი: ჩემზე არასდროს უძალადია, მაგრამ დაზარალებულებს მხარს ვუჭერ

გასულ კვირას Westworld-ის მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა ყოფილი მეგობარი კაცი, როკ მუსიკოსი მერლინ მენსონი სექსუალურ ძალადობასა და ძალადობრივ მოპყრობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით მუსიკოსი კიდევ ოთხმა დაზარალებულმა, მათ შორის ცნობილმა პორნოვარსკვლავმა ჯენა ჯეიმსონმა დაადანაშაულა. მომღერალთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე ყოფილმა ცოლმა, მოცეკვავემ და მსახიობმა დიტა ფონ ტიზმა პირველად ილაპარაკა.

"ვაფასებ იმ ზრუნვას, რომელიც ჩემდამი ადამიანებმა გამოიჩინეს. იცოდეთ რომ შვიდწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ჩემზე არ უძალადია. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო 2005 წელს მასთან არ ვიქორწინებდი. 12 თვეში დავშორდით, იმიტომ რომ მღალატობდა და ნარკოტიკებს ჭარბი რაოდენობით მოიხმარდა. ურთიერთობაში ძალადობის ადგილი არ არის. მოვუწოდებ ჩაგვრის ყველა მსხვერპლს, გადადგით ნაბიჯები, რომლებიც განკურნებაში დაგეხმარებათ და სრული თვითრეალიზაციის ძალას დაგიბრუნებთ. ეს არის ჩემი ერთადერთი განცხადება ამ ამბავზე". - წერს სოციალურ ქსელში მოცეკვავე.

ვუდის განცხადების შემდეგ მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მუსიკოსთან ურთიერთობა გაწყვიტეს ხმის ჩამწერმა სტუდიამ და ჰოლივუდის სააგენტომ.

გუშინ მუსიკოსის წინააღმდეგ ასევე მისი ბენდის ყოფილმა გიტარისტმა, უეს ბორლენდმა გაილაშქრა:

"მის ბენდში 9 თვის განმავლობაში ვუკრავდი. ის კარგი პიროვნება არ არის. ყველა ბრალდება სიმართლეა. ამიტომ, შეეშვით ქალების დადანაშაულებას, ისინი სიმართლეს ამბობენ. მესმის, რომ მრავალი თაყვანისმცემელი ჩემს ნათქვამზე გაბრაზდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ნიჭიერია, შ** აქვს, დასაწვენია, გამოსაფხიზლებელი, დროა საკუთარი შინაგანი დემონები დაამარცხოს".

ფონ ტიზი ბურლესკის მოცეკვავეა, მას მერლინ მენსონის სიმღერის, mOBSCENE-ის მუსიკალურ ვიდეოში აქვს როლი შესრულებული.

 

კომენტარები