ერთიანი ელექტრონული ბაზა დალომბარდებული ნივთებისთვის - ახალი რეგულაცია ლომბარდებისთვის

მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე ლომბარდებმა და სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა უნდა მოახდინონ ინტეგრაცია ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელზეც აიტვირთება ინფორმაცია დალომბარდებული ნივთის და პირის შესახებ, რომელიც ამ ნივთის დაგირავებით სესხს იღებს. 

ამის ვალდებულება სესხის გამცემ ორგანიზაციებს 2019 წელს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით დაეკისრათ. ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

სავარაუდოა, რომ საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, რათა შსს-სთვის გაეადვილებინა ნაქურდალი და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული ნივთების რეალიზაციის აღმოფხვრა. 

რეგულაცია მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდა და სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ერთიან პლატფორმაზე ინტეგრაცია პირველ აპრილამდე მოახდინონ. პლატფორმაზე განთავსდება სრული ინფორმაცია, როგორ დაგირავებული ნივთის, ასევე, მფლობელის შესახებაც. 

მოსალოდნელია, რომ რეგულაციის ამოქმედებით ფინანსურ ორგანიზაციებს ხარჯი გაეზრდებათ. ამ დროისთვის ეროვნული ბანკის შესაბამის რეესტრში 200-ზე მეტი სესხის გამცემი სუბიექტია დარეგისტრირებული.

კომენტარები