ნიკა მელიას საქმე

ელისაშვილი მელიაზე: კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი

droa.ge

"კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი". - ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.

"პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ - [თანასწორი] უნდა იყო. 

არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის და ენმ-ის მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ". - უთხრა ელისაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ნიკა მელია დაკისრებული გირაოს გადაიხდის. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიამ, შესაძლოა, თავად არ გადაიხადოს გირაოს თანხა, მაგრამ "მისი მეგობრები" გადაიხდიან. მელიამ  საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ბანკს მიმართა და თქვა, რომ, თუ საბანკო ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს თანხა დაიფარება, ეს მისი უფლებებისა და კანონის დარღვევა იქნება.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ. 

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები