კორონავირუსი ისრაელში

ისრაელის ეკონომიკა იხსნება – ერთჯერადად აცრილია მოსახლეობის თითქმის 50%

მედიკოსი თელ-ავივის ბარში ისრაელის მოქალაქეს Covid-19-ის ვაქცინას უკეთებს. 18 თებერვალი.
Getty Images

ისრაელის მთავრობის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის თითქმის ნახევარი, სულ მცირე, ერთი დოზით უკვე აიცრა, ნორმალური ცხოვრების დაბრუნების დაწყება შესაძლებელი გახდა

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელში Pfizer-ის ვაქცინის მინიუმ ერთი დოზა უკვე 9 მილიონიანი მოსახლეობის 46%-ზე მეტს აქვს გაკეთებული. სამინისტრის განცხადებით, COVID-19-ით დაავადების რისკი 95.8%-ით შემცირდა იმ ადამიანებში, რომლებმაც  Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს. 

ქვეყანაში მაღაზიები უკვე ყველასთვის გახსნილია. ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და თეატრებში მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ მისვლა, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა 1 კვირით ადრე გაიკეთეს ან კორონავირუსი ჰქონდათ და უკვე გამოჯანმრთელდნენ - ამ ადამიანებს ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციაზე Green Pass-ის სტატუსი აქვთ. 

21 თებერვალს ისრაელის ქალაქებში, სადაც ვირუსის გადაცემის მაჩვენებელს აკონტროლებენ, დაწყებითი სკოლის მოსწავლეები და დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები სასწავლებლებს დაუბრუნდნენ. მომავალი თვის დასაწყისამდე სასწავლებლებს ასევე დაუბრუნდებიან საშუალო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც თითქმის ერთი წელი დისტანციურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს. 

მომავალ თვეში ეკონომიკის უფრო ფართომასშტაბიანად გახსნა იგეგმება. 

"ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც [ნორმალურ] ცხოვრებას უბრუნდება ჩვენ მიერ შეძენილი მილიონობით ვაქცინის წყალობით. აიცერი? მიიღე Green Pass და დაუბრუნდი ცხოვრებას". – წერს სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. 

ქვეყანაში პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ სავალდებულოა. 

საბანკეტო დარბაზებში ცეკვა დაშვებული არაა. სინაგოგებს, მეჩეთებსა და ტაძრებს ევალებათ, რომ რელიგიურ დაწესებულებებში შეკრებილთა რაოდენობა შეამცირონ. 

ისრაელში Covid-19-ის პირველი შემთხვევა ზუსტად ერთი წლის წინ დადასტურდა.

ქვეყანაში COVID-19-ით დაავადების 740 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსით 5 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში საგანგებო ზომები სამჯერ გამოცხადდა, თუმცა ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ მეოთხეჯერ აღარ გამოაცხადებენ. ამავდროულად, ნაქმენ აშმა, ექიმმა, რომელიც ქვეყნის კორონავირუსის პანდემიის რეაგირებაზეა პასუხისმგებელი, თქვა, რომ ჩაკეტვა კვლავ შესაძლებელია, რადგან მოსახლეობის ნახევარს იმუნიტეტი კვლავ არ აქვს.

კომენტარები