ნიკა მელიას დაკავება

ბარამიძე: შტურმისას ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე, ხელწერილით გამიშვეს

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე Facebook-ზე წერს, რომ ნიკა მელიას დაკევების დროს ცუდად გახდა. მისივე თქმით, ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

"ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე, შსს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში.

ალბათ დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი". – წერს ბარამიძე. 

ენმ-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გონებადაკარგული გიორგი ბარამიძე პოლიციამ გაიყვანა და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 

შსს-ს ცნობით, ენმ-ს ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამაცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. 

კომენტარები