ნიკა მელიას დაკავება

POLITICO: საქართველოს კრიზისი დასავლეთის ძალისხმევას ცდის რუსეთის გავლენის შესამოწმებლად

POLITICO-ს ავტორმა, ენდრიუ ნორსმა, 24 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია "საქართველოს კრიზისი დასავლეთის ძალისხმევას ცდის რუსეთის გავლენის შესამოწმებლად", სადაც ავტორი წერს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. სტატიას უცვლელად გთავაზობთ: 

სულ რაღაც ექვსი დღის წინ საქართველოს აქებდნენ, რომ მან შეაჩერა  პოლიტიკური დარბევა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციის ლიდერის დაკავება.

ეს სამშაბათს დასრულდა. 

დილით საქართველოს პოლიცია შეიჭრა პარტია ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისში, სადაც იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია და დაარბია ის. ადგილობრივმა ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს დარბევა, როდესაც პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი  და ცრემლსადენი გაზი, როდესაც შეტაკება მოხდა პოლიციელებსა და მელიას მომხრეებს შორის, რომლებიც მისი დაპატიმრების თავიდან აცილებას ცდილობდნენ. ბოლოს პოლიციამ მელია გაიყვანა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, აშშ-სა და ევროპის მთავრობებმა, რომლებიც გასულ კვირას აქებდნენ საქართველოს, ახლა გააფრთხილეს ის, რომ შავზღვისპირა ქვეყანა კარგავს ძალას, რომ დაამყაროს დასავლური დემოკრატია. თბილისში კი საქართველოს პარლამენტის წინ  სწრაფად შეიკრიბნენ მომიტინგეები და დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

ეს დაპატიმრება წარმოადგენს უკანასკნელ შემობრუნებას საქართველოს რუსეთთან ხანგრძლივ დაპირისპირებაში. რუსეთის ჯარებმა 2008 წელს ორ მეზობელს შორის ხანმოკლე ომის შემდეგ დაიპყრეს მისი ტერიტორიის მეხუთედი. მელია იყო მთავარი ხმა, რომელიც ქვეყნის ლიდერებს, ევროპისა და დასავლეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებაში ადანაშაულებდა. ამრიგად, მისი დაპატიმრება სერიოზული გამოწვევაა დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ მოსკოვის რევანშიზმს - "ესკალაციის ლოგიკა უპირატესობას იძენს" - აფრთხილებს საქართველოს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ამავეს ფიქრობდნენ სამშაბათს საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: "შეაჩერეთ პუტინის ოცნება" და "არ გვინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება".

"არ მადარდებს ნიკა მელია". - თქვა მისი დაკავების შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილთაგან ერთ-ერთმა მომიტინგემ, ზურა მჭედლიშვილმა,  - "ეს რუსეთის გავლენის შესაჩერებლადაა".

მიუხედავად იმისა, რომ 41 წლის მელიას ავტორიტეტი მოემატა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერად აირჩიეს, ის ასევე კრიტიკის ობიექტიც გახდა,  ზოგის აზრით,  მისი მეტისმეტად კონფრონტაციული სტილის გამო.

მოკლე პაუზა

"ეს მელიაზე დიდი პრობლემაა" - თქვა იქვე მდგომმა 25 წლის ბიზნესანალიტიკოსმა, ხატია გრემელაშვილმა. "ის, თუ როგორ მიდის საქმეები ამ მთავრობის დროს. ჩვენი ეკონომიკა და დემოკრატია სულ უფრო უკან-უკან იწევს". 

გასულ კვირას, პოლიციამ მელიას დაპატიმრებისგან უკან დაიხია - თითქოს გირაოს პირობების დარღვევისთვის - მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მოულოდნელად გადადგა და თქვა, რომ გახმაურებული ოპოზიციონერის დაკავება "მიუღებელ" რისკებს წარმოადგენს პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის დროს და მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის პანდემიას.

მაგრამ მისმა შემცვლელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სწრაფად შეცვალა ნარატივი. 

სამშაბათს მან მელიას "დამნაშავე" უწოდა და პოლიციას მიულოცა მისი დაპატიმრება, რაც, მისი თქმით, იმის დემონსტრირება იყო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად სტატუსისა, "ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის უზენაესობას".

თუმცა, ძირითად დასავლელ მოკავშირეებზე ამას შთაბეჭდილება არ მოუხდენია. 

"საქართველომ უკან დაიხია ძლიერ დემოკრატიად გარდაქმნის გზაზე ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში" - განაცხადა აშშ-ს საელჩომ. 

აშშ-ში კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა - რესპუბლიკელმა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერმა - მელიას დაპატიმრება "წარმოუდგენლად ბრიყვულად" შეაფასა ერთ Tweet-ში. ადრინდელ პოსტში კინზინგერმა გააფრთხილა, რომ აშშ-ს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს გარანტირებული არ ექნება, თუ ის ამჟამინდელ გზას გააგრძელებს.

ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმას თქვა, რომ იგი  შეძრწუნებულია პოლიციის მიერ ოფისის დარბევით და მელიას დაკავებით და აღნიშნა, რომ "ძალადობა და ქაოსი თბილისში არის სულ უკანასკნელი რამ, რაც კი საქართველოს ახლა სჭირდება".

დაძაბულობის მატება 

დაპატიმრება უკანასკნელი და ყველაზე სერიოზული მომენტია პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო, როდესაც ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და ამბობენ, რომ შედეგები გაყალბდა და მათ მორიგი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფებმა გამოიტანეს კვალიფიციური დასკვნები, ეუთო-მ კი დაასკვნა, რომ ხმის მიცემა იყო "კონკურენტუნარიანი და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები", მაგრამ იქვე ისიც აღნიშნა, რომ "ვრცელდებოდა ბრალდებები ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ".

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირველად მოიგო არჩევნები 2012 წელს, ოპოზიციის ლიდერები ჩივიან, რომ ქვეყანამ ძალზე პრორუსული კურსი აიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება. ისინი ადანაშაულებენ ქართული ოცნების მილიარდერ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის კულისებიდან მართვასა და რუსეთთან დაახლოებაში.

ივანიშვილს - რომელმაც 90-იანებში ფული რუსეთში იშოვა - საჯაროდ არ გადაუხვევია დასავლური კურსიდან, მაგრამ ბოლო წლებში პოზიცია შეარბილა მოსკოვის მიმართ და პრორუსულმა პარტიებმაც შეიქმნეს ნიადაგი.

იმათ შორის, ვინც რუსეთის გავლენის წინააღმდეგ 2019 წლის პროტესტს წინ  მიუძღოდა და ამ ბრალდებებს ყველაზე ხმამაღლა აცხადებდა, ერთ-ერთი იყო მელია. რუსული მედიის ერთ-ერთ რეპორტაჟში მისი დაკავების შესახებ სათაური აშკარად აჯამებს მოსკოვის თვალსაზრისს: "დააკავეს ანტირუსული დემონსტრაციების ლიდერი".

ამ პროტესტმა ორი წლის წინაც  გამოიწვია მელიას დაპატიმრება წაქეზების ბრალდებით და მის წინააღმდეგ ოფიციალური საქმე აღიძრა. მიუხედავად იმისა, რომ, მთავრობის თქმით, იგი უბრალოდ აღასრულებს კანონის უზენაესობას, ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა იყენებს ამ საქმეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპონენტის გაჩუმების საშუალებას.

მელიას ერთ-ერთმა  მოკავშირემ, ოპოზიციონერმა ელენე ხოშტარიამ, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი წარმოადგინა როგორც ფართო საპროტესტო მოძრაობა რეგიონში: 

"ეს ხალხის ტალღაა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. ეს ხდება ბელარუსში, ეს ხდება რუსეთში და აქ, საქართველოში" - თქვა მან, - "და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესია ამ დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა".

ამგვარი ენა ბიძგს იწვევს კრემლში, რომელიც დიდი ხანია, რაც  დასავლეთს ადანაშაულებს ჩარევაში იმ რეგიონში, რომელსაც იგი თავის ეზოდ მიიჩნევს. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველები მხარს უჭერენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

შემდეგი ნაბიჯები

აშშ-ს ერთ-ერთმა ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლიმ, რომელიც 2009 წელს საქართველოში იმ დროს ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად იმყოფებოდა, სამშაბათს საქართველოში არსებულ სიტუაციას პრეზიდენტ ბაიდენის ახალი ადმინისტრაციისთვის "მესამე" დიდი საგარეო პოლიტიკური გამოცდა უწოდა.

ზოგიერთი ოპოზიციური ხმა მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს, მათ შორის სანქციებით ბიძინა ივანიშვილის მიზანში ამოღებას - იმის მსგავსს, რაც რუსეთს ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო დაუწესეს. 

"მე ველი, რომ იგივე ვიხილო საქართველოშიც". - თქვა ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, რომელიც წარსულში ადვოკატირებას უწევდა უფრო დამთმობ პოზიციას კრემლის მიმართ. 

საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის, ღარიბაშვილის დაუმორჩილებლობის მიუხედავად, მას, სავარაუდოდ, არ სურს შემდგომი დაპირისპირება აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებთან. ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობამ აჩვენა, რომ მას აღელვებს, თუ როგორ უყურებენ მას დასავლეთში. ამას მდუმარედ აღიარებდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც, რომელიც იცავდა მელიას დაპატიმრებას.

"გვესმის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიშები საქართველოში პოლიტიკური პროცესების მეტი პოლარიზაციის გამო". - თქვა მან. 

ამავე დროს, ცნობილი არ არის, როგორ შეიძლება ხანგრძლივი და გაჭიანურებული დაპირისპირების თავიდან აცილება. აშშ-სა და ევროპის ელჩები ცდილობდნენ კომპრომისის დროს შუამავლობას მელიას დაპატიმრების კრიზისამდე დიდი ხნით ადრე. და მაინც, ქართული ოცნება უარს ამბობს ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე, ოპოზიცია კი ხალხს ქუჩაში მეტი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს.

ზურა მჭედლიშვილს, რომელიც პარლამენტის წინ იდგა, დიდი იმედი არა აქვს: "მე 36 წლის ვარ და ვგრძნობ, რომ ჩვენ წრეზე ვბრუნავთ".

კომენტარები