შარლ მიშელის ვიზიტი

ბოკერია: შემიძლია, დადებითი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ მიშელის ინიციატივასთან დაკავშირებით

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"შემიძლია, გაგიზიაროთ ჩემი ძალიან დადებითი შთაბეჭდილება პრეზიდენტ მიშელის ინიციატივასთან დაკავშირებით და იმ ჩარჩოსთან დაკავშირებით, რომლის ნაწილია ყველა საკვანძო საკითხი – საარჩევნო რეფორმა, სასამართლო" – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრის შემდეგ. 

"ამ კონტექსტში, საკვანძო, ვგულისხმობ პოლიტიკური მართლმსაჯულებას და დაპატიმრებებს, ეს არის ერთადერთი სწორი ჩარჩო, რომლითაც შეიძლება წავიდეთ. მე არ მინდა მოლოდინებზე საუბარი, ძალიან კარგია, რომ იმ ამოცანების შესრულებაში, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ჩვენ მხარი დაგვიჭირა აშშ-სთან ერთად ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ასეთმა მაღალი თანამდებობის პირმა. 

შარლ მიშელის მთავარი პოზიტიური ნაბიჯი იყო ყველას ამ ჩარჩოში ჩასმა, მათ შორის პრემიერ ღარიბაშვილის". – თქვა ბოკერიამ

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. 

შარლ მიშელის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაა.

კომენტარები