რუსეთი-ჩინეთი

რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე კოსმოსური სადგურის ერთობლივად აშენებას აპირებენ

რუსეთის კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსის განცხადებით, მათ ჩინეთის კოსმოსის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მთვარის ზედაპირზე, ორბიტაზე ან ორივეზე ააშენებენ და განავითარებენ კვლევით ობიექტებს. 

ორივე ქვეყნის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, კვლევითი დაწესებულებების გამოყენება სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ. ასევე, მთვარის საერთაშორისო სამეცნიერო სადგური გამოსადეგი იქნება მთვარის უკეთ შესწავლისა და ათვისებისთვის. 

"ჩინეთი და რუსეთი კოსმოსურ მეცნიერებაში, კვლევა-განვითარებასა და კოსმოსური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენებაში დაგროვებულ გამოცდილებას გამოიყენებენ, რათა ერთად დაიგეგმოს მთვარის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი სადგურის შენება". - ნათქვამია ჩინური კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლისთვის მთვარეზე დაბრუნებას აშშ-ც აპირებს საკუთარი Artemis-ის პროექტის ფარგლებში.

გასულ წელს ხელშეკრულებას მთვარის ათვისების შესახებ 8 ქვეყანამ მოაწერა ხელი. ეს ქვეყნები იყო: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა, ავსტრალია, იაპონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლუქსემბურგი. ხელშეკრულებას აშშ-ს მთვარის პროგრამის Artemis-ის გამო არტემისის შეთანხმება დაერქვა. რუსეთმა და ჩინეთმა ამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. 

არტემისის შეთანხმება ეფუძნება 1967 წელს მიღებულ ხელშეკრულებას კოსმოსური სივრცის შესახებ. 1967 წლის დოკუმენტი კრძალავს კოსმოსურ სხეულზე ან მის ნაწილზე სუვერენიტეტის გამოცხადებას. NASA-ში აღნიშნავენ, ამ ხელშეკრულების ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, რომ ართულებს მის რეალურ გამოყენებას, სწორედ ამ მიზნით მოეწერა ხელი არტემისის შეთანხმებას.

კომენტარები