პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მაღალ თანამდებობებზე ტექნოლოგიური გიგანტების ცნობილი კრიტიკოსების დანიშვნას აპირებს.
Politico-ს ინფორმაციით, ფედერალური სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, ლინა ხანის დანიშვნა იგეგმება.
ეკონომიკურ საბჭოში კი ტექნოლოგიებისა და კონკურენციის მიმართულებით ტიმ ვუს კანდიდატურა განიხილება.
ხანის კვლევისა და მოღვაწეობის სფერო ანტიმონოპოლიური კანონია და მას ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი ნაშრომიც აქვს მომზადებული, რომელშიც ის ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს [Google, Amazon, Facebook, Apple] ანტიკონკურენტულ ქმედებასა და მონოპოლიაში ადანაშაულებს.
სავარაუდოდ, ხანი ბაიდენის ადმინისტრაციაშიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
ტიმ ვუ სამართლის პროფესორია, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტსა და The New York Times-ში მოღვაწეობს, მას არაერთი წიგნი და სამეცნიერო სტატია დაუწერია ამ საკითხებთან დაკავშირებით და ის ტექნოლოგიური კომპანიების კრიტიკოსის სახელითაა ცნობილი.
ექსპერტების თქმით, ვუსა და ხანის დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ტექნოლოგიური გიგანტების საკითხს სერიოზულად განიხილავს და, სავარაუდოდ, მის დარეგულირებასაც შეეცდება.