ვაქცინაცია

ტიკარაძე ვაქცინაზე: შესაძლებელია, დონაცია მოხდეს ისრაელის მხრიდან

"ვაქცინის სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები" - თქვა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე. მისი ცნობით, ესაა ასტრაზენეკას ინდოეთის და კორეის მწარმოებლები, ასევე, მოდერნა და ჯონსონ & ჯონსონი.

"კოვაქს პლატფორმაზეც შემდეგ რაოდენობებზე უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის მოგვაწვდიან.

ასევე გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები, კერძოდ, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან ორი მიმართულებით, ერთი, ფაიზერის ვაქცინა და მეორე, მოდერნას ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და ასევე, შესაძლებელია, დონაცია მოხდეს ისრაელის მხრიდან.

ასევე, ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ მოწოდებები შესაძლო შეიძლება გახდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე.

პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით" - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობითვე, ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტიდან, "დაჩქარებული ტემპით" შემოვა. 

"შემდეგი არის, რა თქმა უნდა, ფაიზერის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იყოს შეთანხმება, რომ ფაიზერის ვაქცინის დაჩქარებაც მოხდეს" - აღნიშნავს მინისტრი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თებერვალში უნდა შემოსულიყო, თუმცა, მოწოდების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინა "22 მარტის კვირაში" ელოდებოდნენ.

კომენტარები