კორონავირუსი საქართველოში

სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება. 

"პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს". – წერია განცხადებაში.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და გუშინ, 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევდა, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობოდა.

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეაჩერა, მაგრამ ზოგი ქვეყანა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აცხადებს, რომ მათ ამ ვაქცინასთან პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეების აცრას არ შეწყვეტენ. 

ჯანმოს თქმით, ისინი კიდევ ერთხელ განიხილავენ ასტრაზენეკასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და რაც შეიძლება მალე შეაჯამებენ საკუთარ კვლევებს. მიუხედავად ამისა, ჯანმო თვლის, რომ ასტარაზენეკას ვაქცინასთან წინა თვეში გამოცემული რეკომენდაციების ცვლილება საჭირო არ იქნება და მისი გამოყენება კვლავ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება რეკომენდებული.

ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომ თრომბოზის წარმოქმნასა და ვაქცინას შორის კავშირი არაა. ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ასტრაზენეკათი აიცრა 17 მილიონი ადამიანი. ვაქცინირებულებიდან 15-ს განუვითარდა ღრმა ვენის თრომბოზი, 22-ს კი ფილტვის ემბოლია, რაც, ასტრაზენეკას კომპანიის თქმით, ასეთი დიდი რაოდენობის ჯუფისთვის ბუნებრივი დამთხვევაა და არა ვაქცინის ბრალი. 

 

კომენტარები