საავტომობილო ბაზარი

რა მარკის, ასაკის, ფასისა და ძრავის ტიპის მანქანებს ყიდულობენ საქართველოში – კვლევა

driver.ge

გალტ & თაგარტმა საქართველოს საავტომობილო სექტორის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, სექტორის ინდიკატორები, ადგილობრივი ბაზრის მიმოხილვა და ეკო-მობილობის პერსპექტივებია განხილული. 

საგარეო ვაჭრობის ირგვლივ

კვლევის მიხედვით, 2020 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, წინა წელთან შედარებით, 31%-ით შემცირდა, ექსპორტი კი – 45%-ით. თუმცა, დრამატული შემცირება 2019 წელს დაფიქსირებული არაბუნებრივი ზრდითაა განპირობებული: 2019 წელს იმპორტ-ექსპორტის ზრდა ერთჯერადმა ფაქტორმა გამოიწვია, კერძოდ, სომხეთისა და ყირგიზეთის საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც ამ ქვეყნებში 2020 წლიდან ავტომობილებზე საბაჟო გადასახადების მნიშვნელოვანი ზრდით იყო გამოწვეული.

Galt & Taggart
Galt & Taggart

სექტორის ზომა

გალტ & თაგარტის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო ბიზნესი სამ ძირითად ქვესექტორს მოიცავს:

  • ავტომობილებით ვაჭრობა
  • ავტონაწილებით ვაჭრობა
  • ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი

2020 წელს საავტომობილო ბიზნესის ფორმალური სექტორის ბრუნვა წლიურად 24%-ით შემცირდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც, ძირითადად, ავტომობილებით ვაჭრობის 36%-იანი შემცირებითაა გამოწვეული, ხოლო ავტონაწილებით ვაჭრობისა და ავტომობილების ტექ. მომსახურების სექტორები, პანდემიის მიუხედავად, სტაბილურობით გამოირჩეოდა. 

მეორადი მანქანების ბაზარი

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზარი მთლიანი სექტორის 38%-ს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, დილერებს მეორად ავტომობილებზე საშუალოდ 10%-იანი საერთო მოგების მარჟა აქვთ, მარჟები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაზიანებულია იმპორტირებული ავტომობილი და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მისი შეკეთება. შესაბამისად, მარჟები ცვალებადია და ზოგ შემთხვევაში 15%-ს ან 20%-საც კი აღწევს:

Galt & Taggart

საწვავის ტიპი და ძრავის ზომა

შსს-ს ინფორმაციით, 2020 წელს განბაჟებული ავტომობილების 86% – 67 000 მანქანა – 2.5 ლიტრიანი ან უფრო პატარა ძრავის მქონე იყო. ამას გარდა, სავარაუდოდ, ეკონომიურობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები უპირატესობას ჰიბრიდებს ანიჭებენ. 2019 წელს საქართველოში განბაჟებული ავტომობილების 34.6% ჰიბრიდი იყო, ევროკავშირში ანალოგიური მაჩვენებელი 5.9%-ია. 

Galt & Taggart

ყველაზე გაყიდვადი მოდელები და ფასები

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ავტომობილების გადაყიდვები მკვეთრად შემცირდა, (-18% წ/წ), ავტომობილებზე საშუალო ფასებმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო, ზოგიერთ ბრენდზე კი ფასები პირიქით, გაიზარდა. ავტოდილერების განმარტებით, მეორადი ავტომობილების ფასები გაიზარდა ონლაინ ავტოაუქციონებზე, რაც ბაზარზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს უკავშირდება:

ყველაზე პოპულარული მარკები და ავტოპარკის ასაკი

გალტის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული საავტომობილო მარკები და მათი წილი მთლიან ავტოპარკში ასე გამოიყურება:

  1. MERCEDES-BENZ – 13%

  2. VAZ – 11%

  3. TOYOTA – 9%

  4. OPEL – 9%

  5. FORD – 8%

  6. BMW – 5%

  7. NISSAN – 4%

  8. სხვა – 26%

რაც შეეხება ასაკს, კვლევაში აცხადებენ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული ავტოპარკი ჰყავს რეგიონში, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში განახლების საჭიროებაზე მიუთითებს. კერძოდ, საქართველოში მსუბუქი ავტომობილის საშუალო ასაკი, 2018 წლის მდგომარეობით, 18.5 წელია. ეს მაჩვენებელი ევროკავშირში, საშუალოდ 10.8 წელია. 

Galt & Taggart

 

კომენტარები