მეწყრული პროცესი

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მერია მეწყრისგან დამცავ კედელს აწყობს

თბილისის მერია

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყრული ზონა გამოვლინდა, თბილისის მერია დამცავ კედელს აშენებს. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კედლის მოწყობის შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო იქნება. 

"დღეს დილით ჩამოიშალა მიწის მასა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა და როგორც ხედავთ, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გეგმა არის, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და მოეწყოს კედელი, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა და აღნიშნა, რომ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, "უფრო მასშტაბური სამუშაოებიც" იგეგმება. 

"დედაქალაქის მერიას დეტალური პროექტები უკვე გამზადებული აქვს მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოს, რომელიც გაცილებით მასშტაბური იქნება, თუმცა, ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მას შემდეგ, რაც მეწყრული ზონა გამოვლინდა, შემაკავებელი სამუშაოების გამო, 25 მარტის 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

კომენტარები