პოლიტიკური კრიზისი

ნოდია: არასამთავრობოების ჯგუფის განცხადება აცდენილია პოლიტიკურ რეალობას

არასამთავრობოების ჯგუფის განცხადება აცდენილია პოლიტიკურ რეალობას. კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, არ გამოუწვევია იმას, რომ ოპოზიციას არ მოსწონს გენ. პროკურორის დანიშვნის წესი, ან არ ეთანხმება ხელისუფლებას სხვა საკითხებზე, რაც ამ განცხადებაშია ნახსენები. გენ. პროკურორის დანიშვნის წესის გამო პარლამენტის ბოიკოტი სრული აბსურდი იქნებოდა. 

მთავარი პრობლემაა არჩევნები: ოპოზიციამ ჩათვალა, რომ არჩევნები იმდენად ცუდად ჩატარდა, რომ პარლამენტში შესვლა ამ არჩევნების საფუძველზე არასწორია, ამიტომ საჭიროა ახალი არჩევნები, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური რეფორმა. განსაკუთრებით მელიას დაპატიმრების შემდეგ, ამ საკითხის ტოლფარდად იქცა პოლიტ. პატიმრების საკითხი, რაც საბოლოოდ ისევ არჩევნებს უკავშირდება: რა აზრი აქვს არჩევნებს, თუ ხელისუფლებას შეუძლია, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააპატიმროს (ამავე პარტიის ფაქტობრივ ლიდერს რომ ქვეყანაში არ უშვებს, ამას უკვე შევეჩვიეთ). 

ცხადია, შეიძლება არ დაეთანხმო ოპოზიციის გადაწყვეტილებას პარლამენტის ბოიკოტზე. მაგრამ ფაქტია, რომ კრიზისი ამ საკითხმა გამოიწვია; ამიტომ, ამაზე თუ არ იქნა ძვრა, არც კომპრომისი იქნება. ასეთ დროს, ყურადღება გადაიტანო გენ. პროკურორის დანიშვნის წესზე და ვადამდელი არჩევნები არც ახსენო, ნიშნავს, რომ თავს იტყუებ და რეალობაზე თვალს ხუჭავ...

პოლიტოლოგი გია ნოდია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ 6-პუნქტიან გეგმას გამოეხმაურა, რომელიც ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩოდოკუმენტს. 

კომენტარები