პოლიტიკური კრიზისი

ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომებს გამართავს

ტაბულა

ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომებს გამართავს. 16.30 საათზე დაინიშნა პოლიტიკური საბჭოს, ხოლო 17:30 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მმართველ პარტიაში.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, 2 აპრილს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იყო სამუშაო ვიზიტი. 

გუშინ, 1-ელ აპრილს, ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები