კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი

FORD-მა და GM-მა ჩიპების დეფიციტის გამო ავტომობილების წარმოება დროებით შეაჩერა

ფოტო: WSJ.COM

მსოფლიოში მიმდინარე კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების დეფიციტის გამო შეფერხებულია ავტომობილების, სმარტფონების, კომპიუტერებისა და სხვა სახის ტექნიკის წარმოების პროცესი

დეფიციტით განსაკუთრებით დაზარალდა ამერიკული ავტოინდუსტრია, კერძოდ, Ford-ი და GM-ი. 

კომპანიების წარმომადგენლების თქმით, აპრილში დეფიციტის გაუარესების გამო ათეულობით ქარხანა და საწარმოო ხაზი დროებით დაიხურება. 

საშუალოდ, ერთი ავტომობილის წარმოებას 50-დან 150-მდე კომპიუტერული ჩიპი სჭირდება. ამერიკული ავტომწარმოებლების მარაგები კი თითქმის მთლიანად ამოწურულია. 

ანალიტიკოსების თქმით, 2021 წელს 1.28 მილიონი ერთეულით ნაკლები ავტომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი. 

ეკონომისტების ვარაუდით, 2021 წელს GM-ის წლიური მოგება, სავარაუდოდ, 2 მილიარდი დოლარით შემცირდება.

მიწოდების ჯაჭვის კრიზისის მთავარ მიზეზად კოვიდპანდემია სახელდება. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ნახევარგამტარების წარმოების შეფერხებამ ისტორიაში ყველაზე მწვავე კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი გამოიწვია. 

გარდა ავტომობილებისა, შეფერხებულია თითქმის ყველანაირი ტიპის ელექტრომოწყობილობების, მათ შორის სამხედრო ტექნიკის წარმოების პროცესიც. 

დეფიციტმა არა მარტო მწარმოებლები, არამედ მომხმარებლებიც დააზარალა, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი ტექნიკის ფასი. 

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნახევარგამტარების ინდუსტრიაში $50-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ექსპერტების თქმით, ეს გეგმა, მოკლევადიან პერსპექტივაში, კრიზისს ვერ გადაჭრის და ის შორეულ მომავალზეა ორიენტირებული. 
 

კომენტარები