რუსთაველის თეატრის მსახიობმა თამთა ინაშვილმა კურიერთან საუბრისას თქვა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა ქალებზე ხშირად საუბრობს შეურაცხმყოფელი ტონით.
"რობერტ სტურუა [მიიჩნევს] რატომღაც, ქალი არის საძულველი და მითუმეტეს, ქართველი ქალი, სულ ხუმრობით, წაკბენით, ყოველთვის ისმის...
რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ? ახლა იყავი გმირი ქალი და წადი თეატრიდან - ეს დამოკიდებულებაა". - ამბობს თამთა ინაშვილი.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.
რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".