ნიკა მელიას საქმე

კანდელაკი მელიას თავდებზე: ადასტურებს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ნაჩქარევი იყო

ევროპული საქართველოს მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, გიორგი კანდელაკი სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა დიდი იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტარების
თავდებობა ნიკა მელიას საქმეზე გაზიარებული იქნება, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს აღმკვეთი ღონისძიება და ის გათავისუფლდეს.

გიორგი კანდელაკის თქმით, სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი, ადასტურებს, რომ ოპოზიციური პარტიების და პარტნიორების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა ნაჩქარევი იყო.

"სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თავდებობა იქნება გაზიარებული, თუმცა ის სიტუაცია, რაც ახლა შეიქმნა, ადასტურებს, რომ ხელმოწერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ამ დოკუმენტზე იყო ნაჩქარევი. შეიძლებოდა ამ დოკუმენტის გაუმჯობესება, როგორც პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხში, ასევე რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის საკითხში და არ აღმოვჩნდებოდით ამ სიტუაციაში.

ახლა ნიკა მელიას სთავაზობენ რომ ან გააკეთოს ის, რის გამოც თავდაპირველად წავიდა ციხეში, გადაიხადოს გირაო, ან ცდილობენ, რომ მასზე გადაანაწილონ ამგვარად ჩამოყალიბებული ამნისტიით 20 ივნისის დამნაშავეების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ მე შევცდები და თავდებობა იქნება გაზიარებული". – ამბობს გიორგი კანდელაკმა.

ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებად დაუდგნენ. პარტიის განცხადების მიხედვით, ისინი მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები