აზერბაიჯანი

ილჰამ ალიევმა ყარაბაღში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

ფოტო ილჰამ ალიევის ვიზიტიდან მთიან ყარაბაღში მდებარე ჯაბრაილისა და ზანგილანის რეგიონში, 27 აპრილი
azertag.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქი შუშა ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ქალაქი შუშა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტამდე ე.წ. არცახის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იყო. 

"შუშა ისტორიულად აზერბაიჯანის ისტორიული, კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო...მას შემდეგ, რაც 1992 წლის 8 მაისს სომხეთმა ქალაქი შუშის ოკუპაცია მოახდინა, ისინი ატარებდნენ ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პოლიტიკას...არა უბრალოდ აღვადგენთ და დავიცავ კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, არამედ შევქმნით ქალაქის მუდმივი განვითარების გარემოსაც.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე მუხლის 32-ე პუნქტზე დაყრდნობით, გადაწყდა, რომ აღდგეს შუშის ისტორიული იერსახე, მისი წარსულის დიდება, მისი კავშირი მდიდარ კულტურულ ცხოვრებასთან. მე გადავწყვიტე:

1. ქალაქი შუშა გამოცხადდეს აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად;

2. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა დაიწყოს ქმედება ამ განკარგულების შესაბამისად". – აცხადებს ილჰამ ალიევი.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ დღეებში ინტერნეტსივრცეში ვრცელდებოდა ფოტოსურათები, თუ როგორ ანადგურებდა აზერბაიჯანული მხარე სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას. ფოტოებში იყო შუშაში მდებარე ყაზანჩეცოცის საკათედრო ტაძარიც, რომელსაც, როგორც ინტერნეტმომხმარებლები ამბობდნენ, აზერბაიჯანულმა მხარემ გუმბათი მოხსნა.

კომენტარები