ვაქცინაცია საქართველოში

"პასუხისმგებლობას ვერ იღებენ" – რუხის კლინიკაში პაციენტი ტვინის შერყევის გამო არ აცრეს

ზუგდიდში, რუხის კლინიკაში პაციენტ ბაჩო ნამგალაძეს ტვინის შერყევის გამო ვაქცინაციაზე უარი უთხრეს. ნამგალაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ წინასწარ გამოიკვლია ეს საკითხი და ვაქცინაციაზე უარის თქმას არ ელოდებოდა. მისი აზრით, ექიმები პაციენტებზე უბრალოდ "პასუხისმგებლობას ვერ იღებენ".

"ვთხოვე, ეჩვენებინათ, რას ეყრდნობოდა ეს უარი. სანამ წავიდოდი, 2 დღე ვეძებდი, რაიმე პრობლემა ხომ არაა შერყევის დროს აცრა, კარგადაც გამოვიკვლიე ეს საკითხი და ამიტომ მივედი. ექიმმა განმიცხადა უარი, მე ვიღებ გადაწყვეტილებასო. მერე ამ ლევან ფსუტურს (კლინიკურ დირექტორს) დაურეკა და იმან მაშინ ნევროლოგის დასკვნა მომიტანოსო. ბუასილი მაქვს თქო, რომ მეთქვა, ალბათ, პროქტოლოგთან გამაგზავნიდნენ. გონზე არ არიან უბრალოდ და პასუხისმგებლობას ვერ იღებენ". – ამბობს ბაჩო ნამგალაძე ჩვენთან საუბარში. 

ტაბულა რუხის საავადმყოფოს ხელმძღვანელს, დავით შონიას დაუკავშირდა. შონიას თქმით, პაციენტს ვაქცინაციაზე უარი ექიმის შეფასების საფუძველზე ეთქვა, ვინაიდან ტრავმის მწვავე პერიოდი იყო. მისივე თქმით, საჭირო იყო ნევროლოგის ნებართვაც, რადგან გართულების შანსი არსებობს. 

"3 დღის წინანდელი შემთხვევაა, ტრავმის მწვავე პერიოდია წოლითი რეჟიმი ეკუთვნის და ამ პერიოდში თავი უნდა იყოს შეკავებული ვაქცინაციისგანნევროლოგის ნებართვის გარეშე არ გაკეთდება. მწვავე პერიოდში არ გაკეთდება, რომ გართულება არ გამოიწვიოს". – ამბობს დავით შონია ტაბულასთან საუბარში. 

ტაბულა ასევე დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ამგვარი ინსტრუქცია გაწერილი არ არის და ვაქცინაციამდე ყველა პაციენტის მდგომარეობას ექიმი ინდივიდუალურად აფასებს. 

The Brain Injury Association of America თავის ქალის ტრავმის მქონე მოქალაქეებს მოუწოდებს, მიიღონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის თანახმად, თავის ქალის ტრავმის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ისეთი დაავადებების მიმართ, როგორებიცაა გრიპი ან COVID-19. აშშ-ში ამგვარი ტრავმების მკურნალობის პროგრამები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად აცრან პაციენტები და სამედიცინო პერსონალი. 

კომენტარები