დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 5 წუთში 137 რაკეტა ისროლა

ღაზას სექტორში ნაწარმოები "ქასსამის" რაკეტები, 2016 წელი, 21 აგვისტო, ანტი-ისრაელის სამხედრო აღლუმი ღაზის სექტორში
The Times of Israel

დაჯგუფება ჰამასი ამბობს, რომ მათ ისრაელის ორი ქალაქის, აშდოდისა და აშქელონის მიმართულებით 5 წუთში 137 რაკეტა ისროლეს. 

დაჯგუფების თქმით, მათ "კიდევ ბევრი სიურპრიზი" აქვთ გადანახული, თუკი ბრძოლა გაგრძელდება.

აშქელონის მოსახლეობას ისრაელის მთავრობა თავშესაფარ ბუნკერებში დარჩენისკენ მოუწოდებს. რამდენიმე რაკეტა ქალაქის ქუჩებში ჩამოვარდა და რამდენიმემ შენობებიც დააზიანა.

პარალელურად გრძელდება ისრაელის საპასუხო ცეცხლიც.

ჰამასის პარტნიორი დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის თქმით, ისრაელის საპასუხო ცეცხლს, მათი ორი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". – წერს საელჩო.

კომენტარები