აშშ-ჩინეთი

აშშ ჩინურ კომპანია XIAOMI-ს ე.წ. შავი სიიდან ამოიღებს 

აშშ-ს მთავრობასა და კომპანია Xiaomi-ს შორის სასამართლო დავამ შეთანხმებას მიაღწია, მარეგულირებელი ორგანო Xiaomi-ს ე.წ. შავი სიიდან ამოიღებს და ამერიკელ ინვესტორებს კვლავაც შეეძლებათ კომპანიის აქციებით ვაჭრობა. 

გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. 

სასამართლო დავა 2021 წლის იანვარში დაიწყო, როცა Xiaomi-ს წარმომადგენლობამ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. 

ტრამპმა Xiaomi ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან და შეიარაღებულ ძალებთან კავშირებში დაადანაშაულა. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების საშუალებით კი ამერიკელ ინვესტორებს შეეზღუდათ Xiaomi-ში ინვესტირება, რითაც კომპანიის რეპუტაცია და საბაზრო მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. 

აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის დასკვნით, ჩინეთის კანონმდებლობით მთავრობას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, Xiaomi-ს მოსთხოვოს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაზიარება, რასაც კომპანიის წარმომადგენლობა ვერ შეეწინააღმდეგება. 

გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია Xiaomi-ს ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობასა და შპიონაჟში ადანაშაულებდა. 

Xiaomi-ს წარმომადგენლობა უარყოფს ბრალდებებს. მათი განმარტებით, კომპანიის წინააღმდეგ არავითარი სამხილები არ არსებობს და ბრალდებები უსაფუძვლოა. 

მიუხედავად შავი სიიდან ამოღებისა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინური კომპანიების მიმართ მკაცრ პოლიტიკას აგრძელებს. 

კომენტარები