Nord Stream 2

ბაიდენი: Nord Stream 2-ზე სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა EU-სთან ურთიერთობების მხრივ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ Nord Stream 2 თითქმის უკვე დამთავრებულია და მასზე სანქციების დაწესება ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობას ავნებდა.

აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე მომუშავე კომპანიას, Nord Stream 2 AG-ს, მის აღმასრულებელ დირექტორს, პუტინის კრონს და აღმოსავლეთ გერმანიიდან ყოფილი სადაზვერვო სამსახურის ოფიცერს, მათიას ვარნიგს სანქციები ეროვნული ინტერესების გამო არ დაუწესა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა გემები, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის მშენებლობასთანაა დაკავშირებული. ასევე, სანქცირებულთა სიაში მოხვდა ოთხი ორგანიზაცია - მორტრანსსერვისი, საზღვაო სამაშველო სამსახური, სამარის თბოენერგო ფონდი და კოკსოქიმტრანსი.

კრიტიკოსების თქმით, ეს პროექტის შესაჩერებლად საკმარისი არაა. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას დააკავშირებს, 95%-ით დასრულებულია. 

"ეს უკვე თითქმის სრულიად დასრულებულია. არაა ისე, რომ გერმანიისთვის რამის გაკეთების ან არგაკეთების უფლების მიცემა შემიძლია...  ახლა წინ წასვლა და სანქციების დაწესება, ვფიქრობ, კონტრპროდუქციული იქნებოდა ჩვენი ევროპული ურთიერთობების თვალსაზრისით". – ამასთან ერთად მან დასძინა, რომ Nord Stream 2-ის პროექტს დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა აშშ-ს ამ ნაბიჯს კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დამყარებული კარგი ურთიერთობის შედეგია. მალევე, ანგელა მერკელმა აშშ-სთან პროექტზე დამატებითი დისკუსიების გამართვის სურვილი გამოხატა. 

გასულ თვეებში ბაიდენი და ბლინკენი აქტიურად აღნიშნავდნენ, რომ Nord Stream 2-ის პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოპოლიტიკასა და უკრაინა-პოლონეთის ეკონომიკურ-სტრატეგიულ მდგომარეობას. 

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – თქვა ენტონი ბლინკენმა 2021 წლის მარტში.

კომენტარები