კრიპტოვალუტა

დიდი გამოსვლა – ბიტკოინის მაინერები, სავარაუდოდ, ჩინეთიდან ტეხასში გადავლენ

ჩინეთის მთავრობის პოლიტიკა კრიპტოვალუტისა და მაინინგ ინდუსტრიის მიმართ ყოველწლიურად მკაცრდება, 2021 წელის მაისში შემოღებული ახალი რეგულაციების გამო, მაინერების მნიშვნელოვან ნაწილს ჩინეთის დატოვება უწევს. 

ექსპერტების განმარტებით, მაინერებისთვის ზედმეტად სარისკო საქმიანობად იქცა ჩინეთში გაჩერება, რაც პოლიტიკური არასტაბილურობითა და გამკაცრებული რეგულაციებითაა გამოწვეული. 

მთავრობის მიერ მაინინგ ცენტრების წინასწარი გაფრთხილების გარეშე დახურვა და ძვირადღირებული კომპიუტერული მოწყობილობების კონფიქსკაცია ჩინეთში რეალურ პრობლემას წარმოადგენს.

კომუნისტური მთავრობისაგან თავდაცვის საშუალებად კი კანონის უზენაესობა და სასამართლო მაინერებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამჟამინდელი მდგომარეობით, გლობალური ჰაშრეიტის თითქმის 60% ჩინეთზე მოდის, უმსხვილესი მაინინგ ცენტრების სხვა რეგიონებში გადასვლა კი ამ მონაცემების მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს.

გლობალური ჰაშრეიტის მაჩვენებელი.  წყარო: წყარო: Cambridge Centre for Alternative Finance

ექსპერტების ნაწილის აზრით, ჩინეთის მკაცრი დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ საკუთარი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის [CBDC] შექმნის სურვილითაა გამოწვეული, რომელიც კომუნისტურ მთავრობას მოსახლეობის თვალთვალისა და კონტროლის ახალ შესაძლებლობებს მისცემს. 

სავარაუდოდ, მაინერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად აშშ-ს რამდენიმე შტატი, კერძოდ, ტეხასი, ფლორიდა, ოჰაიო, უაიმონგი და კოლორადო იქცევა. 

ტეხასის შტატის გუბერნატორს, გრეგ აბოტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის კირპტოვალუტის მხარდამჭერია და ყველანაირად ხელს შეუწყობს ტეხასში კრიპტოვალუტის მაინინგისა და მოხმარების ხელშეწყობას. 

აღნიშნულ შტატებში მიღებულია რამდენიმე კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზაციას უწყობს ხელს და პოტენციური ინვესტორებისათვის მიმზიდველ სამართლებრივ გარემოს ქმნის. 

ტეხასში მსხვილი მაინინგ ცენტრების აშენებას გეგმავენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Bitmain, Blockcap, Argo Blockchain, BIT, Layer1 და Compute North. 

"მომდევნო თვეების განმავლობაში მაინინგ ინდუსტრიაში დრამატულ ცვლილებებს ვიხილავთ". –  თქვა Gemini-ს წარმომადგენელმა, ბრენდონ არვანაღიმ. 

კრიპტოვალუტას მხარს უჭერს მაიამის მერი, ფრანცის სუარესიც, მისი თქმით, მაიამი ბიტკოინის დედაქალაქი უნდა გახდეს.

გარდა მთავრობის მხარდაჭერისა, ტეხასში აშშ-ის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ელექტრო ენერგიის ტარიფებია. ენერგეტიკული ბაზარი კი დერეგულირებულია, მომხმარებლებს მომწოდებლების არჩევის საშუალება აქვთ, რაც მაინერებისთვის მომგებიანი და მიმზიდველია.

ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი განახლებად წყაროებზე მოდის, მაინინგის განვითარება კი, ექსპერტების ნაწილის აზრით, დააჩქარებს ამ პროცესს. 

მაგალითად, ტეხასში ამჟამად შენდება მზის ენერგიაზე მომუშავე უდიდესი ბიტკოინის მაინინგ ცენტრი, რომელიც 1 გიგავატზე მეტ განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს. 

მაინერების მსგავსად, მკაცრი რეგულაციებისა და მაღალი გადასახადების გამო, მსხვილი ამერიკული კომპანიები კალიფორნიის შტატს ტოვებენ და ტეხასში გადადიან. ეს მოვლენა "კალიფორნიის დიდი გამოსვლის" სახელითაა ცნობილი.

კალიფორნიიდან გამოსვლის ტალღის ერთ-ერთი ინიციატორი Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია. მისი თქმით, ტეხასის შტატს დიდი პოტენციალი აქვს. 

“ეს იქნება ყველაზე დიდი ბუმი, რომელიც ამერიკამ ბოლო 50 წლის განმავლობაში ნახა“. – ამბობს მასკი. 

ტეხასის შტატში ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი არ არის დაწესებული, შესაბამისად, აქ მცხოვრებ პირებს მხოლოდ ფედერალური საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევთ. 


მას შემდეგ, რაც სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ თქვა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სალვადორში არსებულ გეოთერმულ ელექტროსადგურს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას ვულკანიდან გამოიმუშავებს. 

ვულკანური გეოთერმული ენერგია ითვლება ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროდ, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. 

აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ ეხმიანება გარემოსდაცვით არგუმენტს, რომლის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო ამ ენერგიის წყარო ხშირად არაგანახლებად ენერგიაზე მომუშავე თბოელექტროსადგურებია, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. 

ექსპერტების განმარტებით, კრიპტოვალუტის მაინინგში დახარჯული ენერგია გაფლანგული სულაც არ არის, რადგან ის კრიპტოგრაფიულად დაცული მონეტარული სისტემის ფუნქციონირებისთვის გამოიყენება.

პრობლემა კი არა მაინინგში, არამედ ელექტროსადგურებშია და სახელმწიფოებმა ეს გამოწვევა არა კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვით, არამედ ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროებზე გადართვით უნდა მოაგვარონ, ისეთებზე, როგორებიცაა: ჰიდრო-, ატომური, მზის, ქარის, გეოთერმული და, მათ შორის, ვულკანური წყაროები.

კომენტარები