ზურაბიშვილის ვიზიტი ვატიკანში

საქართველოსა და ვატიკანს შორის ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი, ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

"ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რომელიც საქართველოს ისტორიულად მოჰყვება. საქართველოში მიღებულია ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. საქართველო კულტურათშორისი დიალოგის ერთ-ერთი ცენტრია და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. დღეს ამ გზაზე და ამ მიმართულებებით თქვენთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება". – თქვა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო-ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს. 

შეხვედრების შემდეგ კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი მოაწერეს ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ. 

ქართული მხრიდან კი მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველად ხდება სახელმწიფოთა შორის შეთანხმების გაფორმება განათლების და კულტურის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის მკვლევრებს, მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს უფრო აქტიური თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.

"ეს მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს, შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტისა და ვატიკანის არქივების კიდევ უფრო დაახლოების კუთხით. ჩარჩომემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ვატიკანის არქივები და ის მასალა, რაც ამ წლების განმავლობაში დაცული და გამოუქვეყნებელი იყო, საჯარო გახდება და უკვე გარკვეული კვლევითი მტკიცებულებები იქნება". - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ვატიკანის მხრიდან არის მზაობა, რომ საქართველოც ჩაერთოს გლობალურ მოწოდებაში Global Compact on Education, რომელიც მოიცავს ხალხთა შორის ურთიერთობებსა და მომავალი თაობების აღზრდისთვის უმნიშვნელოვანეს განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.

 

კომენტარები