ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია.
ტაბულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, NCDC-ში კითხვებს არ პასუხობენ.
"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გეტყვით, რომ ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს. შუალედი ხომ იცით? 8-დან 12 კვირამდე არის. მე სხვა კითხვებზე ვერ გაგცემთ პასუხს, მე გითხარით, რომ ყველა მიიღებს აბსოლუტურად". –ამბობენ NCDC-ში.
NCDC ვერც იმას ხსნის, თუ რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.