აშშ-ბელარუსი

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტს აშშ-ბელარუსის რეისებზე ბილეთების გაყიდვის აკრძალვა სურს

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა აშშ-სა და ბელარუსს შორის ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა.

ინიციატივა დაკავშირებულია 23 მაისს მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებაზე, რომლის შემდეგაც ბელარუსი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგო, სოფია საპეგა, დააკავეს.

"ტრანსპორტის დეპარტამენტის ბრძანება დაფუძნებულია სახელმწიფო დეპარტამენტის დადგენილებაზე, რომ Ryanair-ის რეისის 4978 მარშრუტის შეცვლის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინტერესებშია, შეიზღუდოს გადაადგილება აშშ-სა და ბელარუსს შორის." – ვკითხულობთ ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბილეთების გაყიდვის აკრძალვა საშუალებას მისცემს აშშ-ს ხელისუფლებას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულ შემთხვევაში, კონკრეტული ტრანსპორტისთვის ცალ-ცალკე დაუშვას გამონაკლისები აშშ-ბელარუსს შორის გადაადგილებაზე.

დეპარტამენტის ინიციატივის განხილვა პირველ ივლისამდე გაგრძელდება.


გასულ კვირას ევროკავშირმა აშშ-სთან და კანადასთან ერთად ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ისინი ლუკაშენკოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სანქიციები დაკავშირებულია ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებასთან.

ევროკავშირმა ბელარუსის 78 ოფიციალურ პირსა და კომპანიას სანქციები მოგზაურობაზე შეზღუდვითა და ანგარიშების გაყინვით დაუწესა. სანქციები შეეხო ბელარუსის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე საჰაერო ძალების მეთაურს. 

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული. პრატასევიჩი და საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.


რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები