პრაიდის კვირეული

ლევან ვასაძე პრაიდის კვირეულის პერიოდში საქართველოში არ იქნება

ლევან ვასაძე
ტაბულა

პუტინისტი პოლიტიკოსი, ლევან ვასაძე თბილისი პრაიდის კვირეულის პერიოდში საქართველოში არ იქნება. ამის მიზეზი კი, მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც". –თქვა ვასაძემ და აღნიშნა რომ ის მოსკოვში კონსულტაციებისთვის მიდის. 

ვასაძის თქმით, ძალიან წყინს და ნანობს, რომ თბილისში ყოფნას ვერ მოახერხებს, თუმცა ყველას პროტესტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის "დესტაბილიზაციის მცდელობა, რადიკალური სექსუალური ჯგუფების მიერ და მათი უცხოელი დამფინანსებელის მიერ". ვასაძემ მთავრობას ღირსების მარშის გაუქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ არავითარი მსგავსი ღონისძიებები არ ჩატარდეს. მოვკიდოთ ხელი ამ ხალხს და გავიყვანოთ. პოლიციელებს მოვუწოდებ, ნუ იძალადებენ თავიანთ ხალხზე, ნუ დაუპირისპირდებიან ქართველ ერს... ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან ერთად ვერ ვიქნები. ვიცი, რომ ეს არაფერს ცვლის და უამრავი ხალხი გამოვა. ჩემი გული მანდ არის. ჩემზე არ იდარდოთ, მომიხსენიეთ ლოცვებში". – ამბობს ვასაძე.

Tbilisi Pride-ის ორგანიზებით პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით 28 ივნისს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაიცვან ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

 

კომენტარები