პრაიდის კვირეული

სირაძე პრაიდზე: გამოხატვის უფლება ორივე მხარეს აქვს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს

ტერიტორიაზე, სადაც  რადიკალური დაჯგუფებები თბილისის პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე მივიდა.

მან მოუწოდა ყველას, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, როლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, არ გასცდნენ სიტყვისა და გამოხატვის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი". - ამბობს სირაძე. 


დღეს, 1-ელ ივლისს, თბილისი პრაიდის ღონისძიების პირველი დღეა. ადგილზე, სადაც კინოჩვენებაა დაგეგმილი, ფიზიკური დაპირისპირება იყო. პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც მათი სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. 

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

გუშინ, 30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები