პრაიდის კვირეული

მედიაკოალიცია შსს-ს: მიიღეთ ეფექტური ზომები ჟურნალისტების დასაცავად

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ეფექტური ზომები ჟურნალისტების დასაცავად. 

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ ღია განცხადებები აგრესიის დაგმობისა და შეჩერების მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს ეფექტური ზომების მედიის უსაფრთხოების და გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო მიზნების გათვალისწინებით.

დარღვევების აღრიცხვის და მედიის სამართლებრივი მხარდაჭერისათვის კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ცხელი ხაზია 555 795 776


TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან მყოფ გადამღებ ჯგუფს პუტინისტური ჯგუფები დაუპირისპირდნენ. სასტიკად ნაცემია ტელეკომპანიის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა და დამტვრეულია აპარატურა. მელაძის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს მობილური ტელეფონები დაუმტვრიეს და მათ ვერ უკავშირდებიან. 

პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტურმა ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებს, მათ შორის, ფორმულას, რუსთავი 2-ის, On.ge-ის, ნეტგაზეთისა და სხვა მედიების წარმომადგენლებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

სამართალდამცველებმა ჟურნალისტების აქციას განარიდეს. როგორც ტაბულას, შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, უწყებაში არ აქვთ ინფორმაცია ამ დრომდე დაკავებულები არიან თუ არა ძალადობრივი ჯგუფის წევრები. 

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი 13:00 და 17:00 საათზე პარაკლისის გამართვას აპირებენ. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვებიც გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.

კომენტარები