საქართველოს ეროვნული ბანკი

ახალი ვალდებულება კომერციულ ბანკებს – სებ-ი ერთიან საკრედიტო რეესტრს ქმნის

საქართველოს ეროვნული ბანკი ერთიან საკრედიტო რეესტრს ქმნის, საფინანსო ორგანიზაციებს და კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გაზიარების ახალი ვალდებულება უჩნდებათ.

სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ყოველი თვის 10 რიცხვამდე საქართველოში არსებულმა საფინანსო ორგანიზაციებმა ეროვნულ ბანკს უნდა გაუზიარონ ინფორმაცია გაცემული სესხებისა და კლიენტების შესახებ.

ყოველთვიურად წარსადგენ მონაცემებს შორისაა:

  • კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
  • კლიენტების ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები;
  • ინფორმაცია კლიენტების შემოსავლების შესახებ;
  • ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ;
  • ინფორმაცია უარყოფილი კრედიტების შესახებ;
  • ინფორმაცია დახურული სესხების შესახებ;
  • საკრედიტო ვალდებულების დეტალები;
  • საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები.

თუკი კომერციული ბანკები არ შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, ან წესების დარღვევით მიაწვდიან მონაცემებს, სებ-ი, როგორც მარეგულირებელი ორგანო, უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია.

აღნიშნული ინფორმაციის დაცულობის საკითხზე პასუხისმგებელი თავად ეროვნული ბანკია.

“საკრედიტო რეესტრის მონაწილისგან მონაცემები მიიღება დაცული და დაშიფრული არხის გამოყენებით, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ეროვნული ბანკი.

საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა ინახება ეროვნული ბანკის სერვერზე იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად”. – წერია დოკუმენტში.

კომენტარები