ჰაიტი

ჰაიტის პრემიერმინისტრი: ჰაიტის პრეზიდენტი მოკვლამდე აწამეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი

ჰაიტის გარდამავალი მთავრობის პრემიერმინისტრის, კლოდ ჟოზეფის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი, ჟოვენელ მოიზი სიკვდილამდე თავდამსხმელებმა აწამეს. პრეზიდენტის მკვლელობაზე ჟოზეფმა ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა და პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ.

"დაქირავებული მებრძოლები პრეზიდენტის სახლში მივიდნენ, აწამეს და მოკლეს. ჩვენ მათგან დაახლოებით 20 ადამიანი დააკავეს. ისინი დაკავებულები არიან და ჩვენ გვჯერა, რომ სამართალი აღსრულდება". – თქვა კლოდ ჟოზეფმა.

ინტერვიუში ჟოზეფმა თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი სამართლიანობის აღსრულება და ქვეყნისთვის ქაოსის აცილება იყო.

11 ივლისს ჰაიტის პოლიციამ თქვა, რომ დააკავეს ჰაიტის მოქალაქე, ვისაც პრეზიდენტის მკვლელობისთვის "პოლიტიკური მიზნები" ჰქონდა.

"ეს არის პირი, რომელიც ჰაიტიში კერძო თვითმფრინავით პოლიტიკური მიზნებით შემოვიდა". – თქვა ლეონ შარლმა, ჰაიტის ეროვნული პოლიციის მეთაურმა.

63 წლის ჰაიტის მოქალაქე, კრისტიან ემანუელ სანონი, ჰაიტიში, ივნისში კოლუმბიელების თანხლებით ჩავიდა. პოლიციის თანახმად, ჯგუფის თავდაპირველი მიზანი პრეზიდენტის დაკავება იყო, თუმცა გეგმა მოგვიანებით შეიცვალა.

ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ ჰაიტელმა სამართალდამცველებმა კოლუმბიის 18 მოქალაქე დააკავეს. მათი დაკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ კრისტიან ემანუელ სანონმა 26 ადამიანი დაიქირავა ფლორიდაში ვენესუელური დაცვის კომპანიისგან.

"როდესაც პოლიციამ, პირველი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავეების გეგმები შეაჩერა, პირველი, ვისაც ისინი დაუკავშირდნენ, სანონი იყო. შემდეგ ის დაუკავშირდა ორ პირს, რომლებმაც, მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობა დაგეგმეს". –თქვა ლეონ შარლმა.

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს, სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და შიდა უშიშროების დეპარტამენტის წარმომადგენლები ჰაიტიში გუშინ, 11 ივლისს ჩავიდნენ. დელეგაცია პოლიციის წარმომადგენლებს, ჰაიტის ხელისუფლებას და გარდამავალ პრემიერმინისტრს შეხვდა.


7 ივლისს შეიარაღებული პირები, მათ შორის ესპანურენოვანები, ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ისროლეს და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დაჭრილია ჰაიტის პირველი ლედიც

ჰაიტის ელჩმა აშშ-ში თქვა, რომ პრეზიდენტზე თავდამსხმელებმა აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის კონტროლის სააგენტოს წევრებად გაასაღეს თავი და ასე შეძლეს რეზიდენციაში შესვლა.

თავდასხმა ჰაიტიში პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მოხდა. 

კარიბის ზღვაში მყოფი ქვეყნის ქუჩებში ხშირია სხვადასხვა ბანდებისა და დაჯგუფებების შეტაკებები ერთმანეთთან ან პოლიციასთან.

მოიზი ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წლიდან იყო. ოპოზიცია მას დიქტატურის დამყარების სურვილში ადანაშაულებდა, რასაც მოიზი უარყოფდა.

კომენტარები