კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე გარდაცვლილ ჩვილზე: 25 დღის იყო, ინფიცირებული იყო ბრიტანული შტამით

NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთ წლამდე ბავშვს, რომელიც დღეს, 16 ივლისს, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა, არ ჰქონდა ე.წ ინდური [დელტა] შტამი, ის ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.

"ერთ წლამდე ბავშვის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, ერთი ადრე იყო. ეს 25 დღის ბავშვი იყო, სამწუხაროდ, იყო ოჯახური ინფიცირება. არ იყო დელტა [ინდური] შტამი, იყო ბრიტანული, ანუ ალფა შტამი". – განმარტავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაცია იმატებს. მისივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსის შტამები უფრო "აგრესიულად" მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 18 წლამდე ბავშვების წილი საერთო ინფიცირებაში17%-დან 18%-მდეა . ამის შესახებ გამყრელიძემ მედიავებინარზე ისაუბრა.

"ქვეყანაში ბავშვების ჰოსპიტალიზაცია მომატებულია. ეს არაა გასაკვირი. ჩვენ საერთო ინფიცირებაში 17%-დან 18%-მდე არის 18 წლამდე ბავშვების წილი. ჰოსპიტალიზაცია იზრდება ბავშვების, რადგან ამ შტამებთან მიმართებაში, შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებში უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით დელტა [ინდური] შტამი". – ამბობს გამყრელიძე.

ციციშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ჩვილი დღეს, 16 ივლისს, გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი, მათგან ერთ-ერთი დელტა შტამით არის ინფიცირებული.

კომენტარები