COVID-19

ენტონი ფაუჩი: COVID-19-ის ახალი ვარიანტების დამარცხების საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა 

ენტონი ფაუჩი

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, COVID-19-ის ახალი და უკვე გავრცელებული ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. 

"ყველაზე მარტივი, საუკეთესო და ეფექტიანი გზა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენა და დავამარცხოთ უკვე გავრცელებული დელტა ვარიანტი, მოსახლეობის აცრაა". – თქვა ფაუჩიმ CNBC-სთან ინტერვიუში. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში ახლად გავრცელებული COVID-19-ის ვარიანტების თითქმის 83% დელტა შტამზე მოდის, რომელიც მაღალი გავრცელების შესაძლებლობებითა და საშიშროებით გამოირჩევა. 

"ეს ვირუსი აშკარად განსხვავდება იმ სხვა ვირუსებისა და ვარიანტებისგან, რომელთა გამოცდილებაც ადრე გვქონდა. დელტა შტამს ადამიანებში გავრცელების გასაოცარი შესაძლებლობები აქვს." – თქვა ფაუჩიმ. 

მიუხედავად ამისა, ავტორიზებული ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ მაღალეფექტიან დაცვას იძლევიან. 

The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ 88%-ა.  AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა კი 67%-ა. 

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99.5% იმ ადამიანებზე მოდის, რომელთაც ვაქცინა არ ჰქონდათ მიღებული. ფაუჩის თქმით, სტატისტიკა თავად მეტყველებს ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ. 

იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ დამატებითი დაცვის მექანიზმის ქონა სურთ, ფაუჩი დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას უწევს რეკომენდაციას. 
 

კომენტარები