ნორვეგია

ნორვეგიის ცა მეტეორმა გაანათა, ობიექტი, სავარაუდოდ, ოსლოსთან ჩამოვარდა [VIDEO]

 ნორვეგიაში, 25 ივლისს ღამის ცა დიდმა მეტეორმა გაანათა. თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს დიდი ნათება და შემდეგ აფეთქების ხმა გაიგეს. ნორვეგიის პოლიციის თქმით, მათ ბევრი ზარი შეუვიდათ, თუმცა შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მეტეორი ადგილობრივი დროით 01:00-ზე გამოჩნდა.

ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც მეტეორიტის ნარჩენების მოპოვება სურს, თვლის, რომ მეტეორი ოსლოს მახლობლად მყოფ ტყეში ჩამოვარდა. 

ზოგიერთმა თვითმხილველმა თქვა, რომ შემთხვევის დროს ძლიერი ქარი ქროდა და იგრძნეს წნევის ტალღაც.

"რაც ჩვენ წინა ღამეს ვიხილეთ, იყო დიდი ქვა, რომელიც, სავარაუდოდ, მარსისა და იუპიტერის შორის მყოფი სივრციდან მოდიოდა, ჩვენი ასტეროიდული სარტყლიდან". – თქვა Reuters-თან ნორვეგიის მეტეორული ქსელის წარმომადგენელმა, მორტენ ბილეტმა.

მეტეორი არის კოსმოსიდან დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილი ობიექტი. მეტეორები მიწაზე შეხებამდე, ხშირად, ატმოსფეროში იწვის. მეტეორიტი ჩამოვარდნილ მეტეორს ეწოდება. 

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ანათებს ცას მეტეორი.

კომენტარები