კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დელტა პლუსის 10-ზე მეტი შემთხვევაა, ქვეყანაში 80%-მდე დელტა შტამია გავრცელებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დელტა პლუსის, რომელიც კლასიკური დელტა ვარიანტის ქვეშტამია, 10-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ქვეყანაში კლასიკური დელტა შტამის გავრცელება 80%-ზე მეტია.

"დელტა პლუსის 10-ზე მეტი შემთხვევაა. თბილისში და ბათუმში შემთხვევებიდან თითქმის სულ ყველა დელტა შტამია, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, სადღაც 80%-მდე დელტა [კლასიკური] არის ყველგან". – ამბობს პაატა იმნაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი იმატებს. გასულ 24 საათში ვირუსი 4 233 ადამიანს დაუდასტურდა. მეორე დღეა, საქართველოში დღიური მაჩვენებელი COVID 19-ით ინფიცირების 4 ათასს აჭარბებს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35%.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 36 102 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათგან მძიმე პაციენტია 1 240 პირი, რომელთაგან 261 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 4 აგვისტოს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 432 903 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 390 827 პაციენტი, ხოლო  გარდაიცვალა –  5 948.

კომენტარები