ეკონომიკა

ღარიბაშვილი Fitch-ის რეიტინგზე: ეკონომიკის შთამბეჭდავი ტემპებით გაჯანსაღებას ვხედავთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ Fitch-ის განახლებული რეიტინგი ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპით გაჯანსაღებას. ამასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილი 2025 წლისთვის გეგმავს საინვესტიციო რეიტინგის მიღწევას, რომლამდეც საქართველოს დარჩენილი აქვს 2 საფეხური.

"რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს,  ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამას გარდა, Fitch-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე.

ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც  დარჩენილია 2 საფეხური. Fitch-ის გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“. – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 


საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო მაჩვენებელი ისევ BB დონეზე დატოვა, მოლოდინები კი ნეგატიურიდან სტაბილურზე შეცვალა. 

საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო რისკებს აღწერს. მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგი AA-ია, იგულისხმება, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილურია და ამ ქვეყანაში ინვესტირება თითქმის ურისკოა. მეორე მხრივ, თუ ქვეყანას CC რეიტინგი აქვს, ინვესტორებისთვის ეს არასტაბილური გარემოს ინდიკატორია, სადაც ჩადებული ინვესტიციის დაცვის გარანტიები არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტთა ნაწილი BB რეიტინგს არასასურველად მიიჩნევს, საქართველო კი 2014 წლიდან მოყოლებული სტაგნაციას განიცდის და BB რეიტინგს ვერ სცდება. 

შედარებისთვის, მეზობელ სახელმწიფოებს უკეთესი რეიტინგი აქვთ, კერძოდ, რუსეთს [BBB] და აზერბაიჯანს [BB+]. 

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი წლების მიხედვით: 

  • 2007: BB-
  • 2008: B+
  • 2009: B+
  • 2011: B+
  • 2014: BB-
  • 2015: BB-
  • 2018: BB-
  • 2019: BB
  • 2020: BB
  • 2021: BB

მიუხედავად იმისა, რომ წელს Fitch-ის რეიტინგი არსებითად არ შეცვლილა და არ გაუმჯობესებულა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ ქვეყანა დასახულ მიზანს უახლოვდება და სულ ორი საფეხურიღა დარჩა. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა ორი საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას". 

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ვალი, რომელი 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტს შეადგენდა, 2021 წელს 56%-მდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს – 55.2%-მდე. 

Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით, ხოლო 2022-23 წლებში 5.4%-ით გაიზრდება. ეკონომიკის განვითარებას ხელი საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილების ზრდამ და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენამ შეუწყო. 

ეკონომიკის პოტენციურ გამოწვევებად ანალიტიკოსები ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებს და პანდემიას ასახელებენ. 

კომენტარები