ეკონომიკა

თურნავა: მთავრობის პოლიტიკა მომდევნო თვეებში უმუშევრობის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს 

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 3.8%-ით გაიზარდა და შვიდწლიან მაქსიმალურ ნიშნულს, 22.1%-ს მიაღწია. 

უმუშევრობის მაღალი დონით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს

  • საქართველო – 22.1%
  • სომხეთი – 17.1%
  • თურქეთი – 13.2%
  • აზერბაიჯანი – 6.2% 
  • რუსეთი – 4.9% 

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით, უმუშევრობის მაღალი დონე 2020 წელს დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. სახელმწიფო პროგრამები და მთავრობის პოლიტიკა კი მომდევნო თვეებში უმუშევრობის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

"2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს. კერძოდ, ის პირები, რომლებმაც შარშან დაკარგეს სამსახური, უმუშევართა სტატისტიკაში მომდევნო პერიოდში აისახნენ. ეს გარემოება, დიდწილად, ხსნის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდას.

ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში". – თქვა თურნავამ. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59% თვლის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. 

აღსანიშნავია, რომ რეგიონში მაღალი უმუშევრობის დონით საქართველო პანდემიამდელ პერიოდშიც ლიდერობდა, მაგალითად, 2018 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 21.7% იყო. 

ეკონომიკის მინისტრისგან განსხვავებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებს ათასობით ადამიანი უბრუნდება და ქვეყნის ეკონომიკა "დუღს". 
 

კომენტარები