არჩევნები 2021

ვოლსკი არჩევნების გადადებაზე: ლომჯარია ენმ-ის ინტერესების გარე სპიკერად ჩამოყალიბდა

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, ლომჯარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების "გარე სპიკერად ჩამოყალიბდა".

"სახალხო დამცველი, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ იმ ინტერესების, რაც ნაცმოძრაობას გააჩნია. საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე, ორგანიზების თვალსაზრისით, რა საკვირველია, იქნება იმ დონეზე ჩატარებული, რომ საფრთხეები იქნეს მინიმუმამდე შემცირებული". – ამბობს გიორგი ვოლსკი. 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს მოუწოდა, იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, რადგან საქართველოში ეპიდვითარება, მისი შეფასებით, უკიდურესად მძიმეა. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არჩევნების გადადება "წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნაა". ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნების გადადება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გულისხმობს და, მისივე შეფასებით, ლომჯარიას სიტყვები "ანომალიაა".

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 288 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 924  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი.  

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 523 022 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 57 840 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები