კრიპტოვალუტა

სალვადორი პირველი სახელმწიფოა, სადაც ეროვნული ვალუტა ბიტკოინი გახდა

სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, სადაც ეროვნულ ვალუტა ბიტკოინი გახდა. 7 სექტემბერს კრიპტოვალუტა ქვეყნის საფინანსო სისტემის ოფიციალური ნაწილი გახდა. 

გარდა იმისა, რომ სალვადორში ბიტკოინი ანგარიშსწორების საშუალებაა, ასევე მას სარეზერვო აქტივის დანიშნულებაც აქვს, კერძოდ, სალვადორის ეროვნული ბანკის რეზერვში 550 ბიტკოინი ინახება. 

სალვადორის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკონომიკური სუბიექტი ვალდებულია, საგადასახადო და ანგარიშსწორების საშუალებად ბიტკოინი მიიღოს. 

კრიპტოვალუტის მოხმარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სისტემის შესაქმნელად სალვადორი კომპანია Strike-თან თანამშრომლობს. 

Strike-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ მალერსის თქმით, ბიტკოინი ერთადერთი რეალური გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც სალვადორია, სადაც ეკონომიკა სუსტია, საფინანსო სისტემები განუვითარებელი და მოსახლეობა ღარიბი. 

სალვადორის 6.5-მილიონიანი მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საბანკო ანგარიში და არ შეუძლია საფინანსო სერვისებით სარგებლობა. ქვეყნის მშპ-ის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებზე მოდის.  

მალერსის განმარტებით, კრიპტოვალუტა სალვადორს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება, რადგან დეცენტრალიზებულ საფინანსო სისტემებს შეუძლიათ ტრადიციული საბაკო სისტემების ჩანაცვლება, ბიტკოინს კი – ოქროსა და ფულის. 

"ბიტკოინი საუკეთესო სარეზერვო აქტივი და მონეტარული ქსელია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ბიტკოინის ქონა განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს სავალუტო შოკებისა და ფიატური ფულის ინფლაციისაგან თავის დაცვის საშუალებას აძლევს". – თქვა მალერსმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სალვადორის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ. 

IMF-ის შეფასებით, სალვადორის მიერ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარება მაკროეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. კრიპტოვალუტის ფასის მერყეობა კი საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. 

ივნისში მსოფლიო ბანკმა უარყო სალვადორის თხოვნა ბიტკოინის იმპლემენტაციის პროცესში დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, სალვადორის თხოვნის უარყოფა ბიტკოინთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხებითა და კრიპტოვალუტის ტრანზაქციის პროცესის გაუმჭვირვალობითაა განპირობებული.  

პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს თქმით, სალვადორი მხოლოდ კრიპტოვალუტის გამოყენებას არ დასჯერდება და შემდეგი მიზანი მაინინგის პროცესში ჩართვაა. 

მთავრობის გეგმის თანახმად, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სალვადორში არსებულ გეოთერმულ ელექტროსადგურს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას ვულკანიდან გამოიმუშავებს. 

ვულკანური გეოთერმული ენერგია ითვლება ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროდ, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. 

ბუკელეს თქმით, პროექტზე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია LaGeoSV იმუშავებს, ბიტკოინის მაინინგცენტრის მშენებლობა კი გეოთერმული სადგურის ახლოს იგეგმება. 

კომენტარები