ფარული მოსმენები

ფაილები: შორენა თეთრუაშვილი შიშობდა, რომ მთავრობა მღვდელს COVID-19-ით დააინფიცირებდა

ილია მეორე და შორენა თეთრუაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2020 წლის მარტში კათოლიკოს პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ეშინოდა, რომ ხელისუფლება სასულიერო პირს COVID-19-ით განზრახ დააინფიცირებდა. 

მდივან-რეფერენტის აზრით, ამ გზით მთავრობა შექმნიდა განწყობას, რომ ვირუსი ეკლესიიდან ვრცელდება. ასევე, ფაილების მიხედვით, თეთრუაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში.

"საპატრიარქოს სზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან საუბარში პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს მიერ მ/წლის 25 მარტს, კორონავირუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოქვეყნებამდე შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ცდილობდა ტექსტში ცვლილებების შეტანს, კერძოდ, ა.ჯაღმაიძეს სთხოვდა საპატრიარქოს განცხადებაში დაეფიქსირებინა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მრევლმა თავი შეიკავოს ეკლესიაში მისვლისგან. შ.თეთრუაშვილის თქმით, სახელმწიფო არ უნდა ცდილობდეს ეკლესიის საქმებში ჩარევას. მისივე განმარტებით, სახელმწიფომ შესაძლოა გააკეთოს ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები, ან ეკლესიის ავტორიტეტის შესალახად შეგნებულად დააინფიციროს რომელიმე სასულიერო პირი და შექმნას ისეთი განწყობა, თითქოს ვირუსი ეკლესიიდანაც ვრცელდება", – წერია მასალებში. 

მდივან-რეფერენტი თეთრუაშვილის შიშს არ დაეთანხმა დეკანოზი ჯაღმაიძე. 

გავრცელებული ფაილების კიდევ ერთი მონაკვეთიდან ჩანს, რომ შორენა თეთრუაშვილი, ამავე შიშის გამო, არ ენდობოდა მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის ნაჩუქარ პირბადეებს.

"პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. იგი ასევე უნდობლობით უყურებს ხელისუფლების ქმედებებს და შიშობს, რომ მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის საჩუქრად გადაცემული პირბადეები შესაძლოა იყოს საფრთხის შემცველი", – ნათქვამია მასალებში, 2020 წლის აპრილში. 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები