არჩევნები 2021

აშშ: ზეწოლაზე ცნობები ეჭვებს აჩენს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული არჩევნების მიმართ

აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო დმანისსა და რუსთავში პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა სერიოზულ ეჭვებს წარმოშობს  მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.

ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე". - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. სავარაუდოდ, სწორედ ის არის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი.

კომენტარები