უვიზო მიმოსვლა

ზალკალიანი: იმედი მინდა გავუცრუო აღტკინებულ ოპონენტებს – უვიზო რეჟიმს არაფერი ემუქრება

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მტკიცებით, "ძალიან დიდი ტყუილია", რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. მისი თქმით, საქართველო აღებულ ვალდებულებებს "პირნათლად ასრულებს" და არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით არ ამოქმედდება.

"მინდა, დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული. ასე რომ, ეს ძალიან დიდი ტყუილია, არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი ძალიან კარგად არის. ვიზალიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, უაღრესად პოზიტიურია, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ამიტომ, არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით არ ამოქმედდება. 

ახლა მაცნობეს, რომ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ არანაირი მსგავსი ნაბიჯები არ იგეგმება, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, რომ ჩვენს ოპონენტებს იმედები გავუცრუო და ვუთხრა - ნუ ხარობენ ქვეყნის წარუმატებლობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა აშკარად წარმატების გზას ადგას. ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ ნაკისრი არც ერთი ვალდებულებიდან“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

EUobserver-ის ცნობით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და  მოლდოვის მოქალაქეების არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირი მათთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია მათ მიერ ნანახ, 27 სექტემბრით დათარიღებულ შიდა ანგარიშში, რომლის შინაარსიც ცნობილი გახდა ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთ ბალკანეთში დაგეგმილ ვიზიტამდე. 

საკითხის განხილვის ინიციატორები, როგორც ჩანს, გერმანია, საფრანგეთი და იტალია არიან. 

მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა 2009 წლიდან შეუძლიათ, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეებს – 2010-დან, მოლდოვის მოქალაქეებს – 2014-დან, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს კი – 2017-დან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გაჩერება 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. 

უვიზო მიმოსვლა ევროპული კომისიის მიერ ითვლებოდა მნიშვნელოვან მიღწევად ევროკავშირსა და ბალკანეთის, ასევე აღმოსაველთ პარტნიორობის ქვეყნების შორის ურთიერთობების მხრივ.

თუკი ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებისა და არალეგალური ცხოვრების შემთხვევები 50%-ზე მეტით გაიზრდება, მაშინ შეჩერების მექანიზმის მიხედვით, მსგავს ქვეყანას შესაძლოა მოეხსნას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ასევე იგივე საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე.

გავრცელებულ ანგარიშში გერმანიისთვის ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეები უცხოელთა კანონის დარღვევის მხრივ, პირველ 10 ქვეყანაში არიან. ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ამ ათეულში ალბანეთი მეორე ადგილზეა, უკრაინა მეხუთეზე, სერბეთი მეშვიდეზე, მოლდოვა მეცხრეზე, საქართველო კი მეათეზე. 

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 3 თვე 2019 წლის ამავე პერიოდს რომ შევადაროთ, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები 51%-ით არის გაზრდილი. 

მოლდოვას მოქალაქეების მიერ ამ წლის ივნისი-აგვისტოში თავშესაფრის მოთხოვნები შედარებულია 2019 წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემებთან. წელს შემთხვევები 429%-ით არის გაზრდილი. 

"თუ ეს ქვეყნები გაუმჯობესებისთვის ბევრს არაფერს იზამენ, ჩვენი აზრით, ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალური შესაძლებლობაა", – წერია ანგარიშში. 

იტალია უკმაყოფილოა მოლდოვათი, საფრანგეთი ქართველებითა და ალბანელებით. 

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის თხოვნის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება ჩეხეთშიც. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უვიზო მიმოსვლის საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავენ.

კომენტარები