არჩევნები 2021

ჯაფარიძე: კოალიციის შემდეგ ხალხში გაჩნდა რწმენა, რომ მონსტრის დამარცხება შესაძლებელია

ჩვენ ახალი პარტია ვართ, ბევრი ახალგაზრდა გვყავს და პირველ ტურში პარტიული ამოცანა გვქონდა ასეთი, რომ გვინდოდა, ახალი სახეები წამოგვეწია წინა პლანზე. მაშინაც გვქონდა ჩვენ მოლაპარაკებები და როდესაც საუბარი იყო თბილისში მაჟორიტარების განაწილება და საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ მეტნაკლებად ცნობადი სახეები იყო საჭირო, ჩვენი პარტიიდან მონაწილეობის პირობა ის იყო, რომ ახალი სახეები წამოგვეწია წინ, რომ მათი ცნობადობა გაგვეზარდა და სხვა პარტიული ამოცანით ვმოძრაობდით, მაგრამ ახლა შეიქმნა სრულიად სხვა რეალობა – მეორე ტურია, და მეტწილად მამუკა ხაზარაძის დამსახურებაა კოალიცია, რომელმაც თქვა, რომ თუ ამ ბრძოლაში შევდივართ, მაშინ მეც მზად ვარ, შემოვიდე ამ ბრძოლაში, თუ პარტიების პირველი პირები შემოგვიერთდებიან და ყველა ერთად შევუტევთ, რაზეც შეუძლებელი იყო უარის თქმა ამ ბრძოლაში. 

რაც მე დავინახე ამ პრეზენტაციის შემდეგ ისაა, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებში გაჩნდა რწმენა. თუ რამე ჩანდა დღეს ხალხთან შეხვედრისას, უპირველეს ყოვლისა, ჩანდა ეს, რომ ადამიანებში გაჩნდა რწმენა, რომ შეიქმნა რაღაც ტიპის პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია, დაამარცხოს ეს მონსტრი. რეალობა გვაქვს ასეთი, რომ ადამიანებს იმის გაცნობიერება კი არ უჭირთ, რომ ქართული ოცნება ცუდი ხელისუფლებაა და გადარჩევა სჭირდებათ, უბრალოდ, ნიჰილიზმია, რწმენა არ აქვთ, რომ შესაძლებელია ამის შეცვლა. 

ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა. 

20 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, მის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. მეოთხე მოადგილედ ნიკა მელიამ უპარტიო ირაკლი აბესაძე წარადგინა. ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, მისი კაბინეტი 6-პარტიული იქნება.

კომენტარები