პირველი დეკემბრიდან Gazprom-ი მოლდოვას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ, ორგანიზაციის თქმით, ქვეყანა ვალს არ დაფარავს და ახალ კონტრაქტს არ შეათანხმებს. რუსული სამთავრობო მედიის RIA-ს თანახმად, ამის შესახებ Gazprom-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა ისაუბრა.
კუოპრიანოვის თქმით, მოლდოვის ძირითადი ვალი 443 მილიონი დოლარია, ხოლო ვალის გასტუმრების დაგვიანების გათვალისწინებით ქვეყანას მთლიანობაში 709 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი. კუპრიანოვის თქმით, Gazprom-ი მზადაა, მოლდოვას ნოემბრამდე გაუხანგრძივოს კონტრაქტი იმ პირობით, თუ ქვეყანა სექტემბერსა და ოქტომბერში მიწოდებული საწვავის ფასს გადაიხდის.
"აქ არ არის არანაირი პოლიტიკა, Gazprom-ი სააქციო საზოგადეობაა და ზარალზე ვერ იმუშავებს, ვერ დაუშვებს რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების გადახდის [შესაძლებლობას] ვერ დაგარკავს. არსებობს მოთმინების ზღვარი. მოლდოვა თავისი ხელით ქმნის კრიზისს." – თქვა სერგეი კუპრიანოვმა.
მოლდოვამ 20 ნოემბრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ენერგოკრიზისის გამო მოლდოვის გაზზე მოთხოვნილების მხოლოდ 67%-ია დაკმაყოფილებული, რამაც პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აიძულა. მოლდოვა გაზს რუსეთისგან იღებს კომპანია Moldovagaz-ის მეშვეობით, რომელიც რუსული კომპანია Gazprom-ის კონტრაქტორია.
დაახლოებით ერთთვიანმა საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანას უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ბუნებრივი აირი სხვა ევროპული ქვეყნებიდან.
"ჩვენ კრიტიკული სიტუაციის წინაშე ვდგავართ", – ამბობს მოლდოვის პრემირმინისტრი, ნატალია გავრილიტა.
სექტემბერში Gazprom-მა და Moldovagaz-მა კონტრაქტი 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს, თუმცა, პრემიერის თქმით, Moldovagaz-ი ქვეყანას სამყოფ გაზს არ აწვდის და ოქტომბერში მიღებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმის მესამედია, რაც ჩვეულებრივ ოქტომბერში უნდა მიეწოდებოდეთ.
გავრილიტას თანახმად, მოლდოვა კვლავ ცდილობს ურთიერთობას Gazprom-თან ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი არ აქვს.
ევროკავშირის რიგ ქვეყნებში გაზის ფასი 600%-ით გაიზარდა, ელექტროენერგია კი 200%-ით გაძვირდა, რამაც თითქმის მთლიან ევროზონაში გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 1975 წლის შემდეგ არ ყოფილა.
რა ფაქტორებმა გამოიწვია ენერგოკრიზისი ევროპაში ნახეთ აქ.